ირანი: „შურისძიების 13 ვარიანტი შევიმუშავეთ, ამათგან ყველაზე სუსტიც კი ამერიკელებისთვის ჯერ არნახული კოშმარი იქნება“
07/01/2020 10:18:49 მსოფლიო
თეირანის განცხადებით, ირანმა გენერალ–მაიორ ქასემ სულეიმანის მკვლელობისთვის ამერიკის წინააღმდეგ შურისძიების 13 შესაძლო ვარიანტი შეიმუშავა.
ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ალი შამხანის განცხადებით, „შემუშავებულია 13 შესაძლო ვარიანტი, რომელთაგან ყველაზე სუსტიც რომ განხორციელდეს ამერიკელებისთვის ჯერ არნახული კოშმარი იქნება“.
როგორც ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, „შურისძიება გენერალ სულეიმანის მკვლელობის შესაფერისი იქნება“.
„ადგილსა და დროს ირანი გადაწყვეტს“, – დასძინა ხამენეიმ.
„ჩვენ აუცილებლად ვიძიებთ შურს, ეს იქნება უმკაცრესი შურისძიება“, – განაცხდა „ირანის რევოლუციური გვარდიის“ გენერალმა ჰუსეინ სალამიმ.
ცნობისთვის: შუა აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად მას შემდეგ გამწვავდა, რაც აშშ–ის მიერ ბადღადის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს ირანული ელიტური ქვედანაყოფის „ქუდსის ძალების“ ლიდერი გენერალ-მაიორი ქასემ სულეიმანი და ერაყელი საბრძოლო დაჯგუფების მეთაური აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი დაიღუპნენ.
პენტაგონის განცხადებით, ბადღადის საერთაშორისო აეროპორტზე სარაკეტო თავდასხმის ბრძანება პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა.
„ეს იყო გადამწყვეტი თავდაცვითი ღონისძიება, რათა დაგვეცვა საზღვარგარეთ მოსამსახურე ამერიკელი პერსონალი. გენერალი სულეიმანი გეგმავდა თავდასხმებს ამერიკელ დიპლომატებზე ერაყში და მთელ რეგიონში", – აცხადებენ პენტაგონში.
ირანის უმაღლესი ლიდერის აითოლა ალი ხამენეისა და პრეზიდენტ ჰასან როუჰანის განცხადებით, ირანი „სასტიკად იძიებს შურს“ იმ „კრიმინალების წინააღმდეგ“, ვინც ბაღდადის აეროპორტში სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.
„ერაყის „სახალხო მობილიზაციის ძალები" მომხდარზე პასუხისმგებლობას "ამერიკელ და ებრაელ მტრებს" აკისრებს.
„ისრაელის არმიის რადიოს“ ცნობით, ირანიდან შესაძლო თავდასხმის გამო ისრაელის სამხედრო ძალები საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. მისივე ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა საგანგებო სხდომა მოიწვია. ამასთან, ქვეყნაში დაიხურა სირიის საზღვართან ახლოს მდებარე სათხილამურო კურორტი.


