„ქართული ოცნების“ გენმდივანი "აგენტების კანონის" მიღებას ზეიმობს
29/05/2024 08:23:35 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე მათ, ვისთვისაც „საქართველოს ბედი ძვირფასია“, "აგენტების კანონზე" ვეტოს დაძლევას ულოცავს.
"მინდა, მივულოცო ყველას, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ბედი, მისი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მომავალს წყვეტდეს საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მშვიდ და სტაბილურ გარემოში არჩევნების გზით, როგორც ეს ყველა დემოკრატიულ, ცივილიზებულ განვითარებულ ქვეყნებშია და არა გარე აქტორების ჩარევით",– თქვა კალაძემ.
მისი მტკიცებით, ეს არ არის "პათეტიკური სიტყვები" და რომ დღეს "საქართველოს ბედი წყდება "მოსახლეობის მხარდაჭერით განმტკიცებული გონივრული, ქვეყნის ინტერესებზე მორგებული პოლიტიკით და კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებით":
"გამჭვირვალობის კანონმა უნდა დაიცვას ჩვენი ქვეყანა ყველა იმ უცხოური ძალების გავლენისგან, რომელთა მიზანიც ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევა და მშვიდობის დარღვევაა."


