პაპუაშვილი – აქუბარდიას: ამდენ საზიზღრობას ერთად როგორ ამბობთ, წესით, ბოღმით უნდა გასკდეთ
29/05/2024 10:25:44 პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატ თეონა აქუბარდიას სიტყვით გამოსვლის შემდეგ უთხრა, რომ მან იმდენი "საზიზღრობა ილაპარაკა", "წესით, ბოღმისგან უნდა გასკდეს".
"ვაიმე, ქალბატონო თეონა, ამდენი საზიზღრობის ერთად თქმა როგორ შეგიძლიათ, მიკვირს. წესით, მაგ დროს ბოღმისგან უნდა გასკდეთ. ოპოზიციის მხარეს ქალბატონი სალომე სამადაშვილის სული ტრიალებს და განსაკუთრებით, ქალ დეპუტატებს ერჩის და ბოღმებად აქცევს. ეგ ბოღმა დაგახრჩობთ. ამ დონეზე რომ ხართ დაშვებული, უბრალოდ სირცხვილია. გასაგებია, რომ წინასაარჩევნო რიტუალური ცეკვა გაქვთ, რომ ვინმეს თავი მოაწონოთ და სიაში ჩაგსვან, მაგრამ საარჩევნო სიის გამო ასეთ მდაბიოობაზე არ უნდა წახვიდეთ". - უთხრა პაპუაშვილმა აქუბარდიას.
პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტყვით გამოსვლისას, სადაც „ოფშორების კანონზე“ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილება, აქუბარდიამ მთავრობა რუსულად მოიხსენია.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა საკუთარ გამოსვლაში განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ საქართველოში ერთი კაცის - „ბიძინა ივანიშვილის საქმეს აკეთებს, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციური კურსის წინააღმდეგ წავიდა და თავის ფულის გამო ქვეყნის ბედით ვაჭრობს“.
მისი თქმით, საქართველო არასდროს იქნება რუსეთი და რომ ოქტომბერში ხალხი გასცემს პასუხს, მათ შორის, ივანიშვილს, რომელიც "საკუთარი და კრემლის ინტერესების გასატარებლად მოვიდა“.


