მამუკა ხაზარაძე – "ოცნებაზე": მთავრობის სასახლეზე წითელი ვარსკვლავის აღმართვაღა დარჩათ
29/05/2024 12:02:02 პოლიტიკა
"მთავრობის სასახლეზე წითელი ვარსკვლავის აღმართვაღა დარჩათ", - ასე ეხმიანება პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს ჩინური კომპანია ააშენებს.
„რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში და რა უნდა საქართველოს ევროკავშირში?!"
რუსული მთავრობის გეგმები ღიად და პირველად ჩვენთვის ანაკლიის პროექტის გაჩერებით გაცხადდა.
დღეს კი ყველასთვის ყველაფერი ნათელია - რუსული კანონი, ირანში ვიზიტები, „ჰეზბოლას“ გვერდით დგომა და ანაკლიის პროექტის საბოლოოდ ჩინეთის ხელში ჩაგდება, ამერიკულ და ევროპულ ინვესტიციებზე უარის თქმა!
მთავრობის სასახლეზე წითელი ვარსკვლავის აღმართვაღა დარჩათ!
არ გაუვათ! რუსულ რეჟიმს ოქტომბერში მოსკოვში გავისტუმრებთ”,-წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.
ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს ჩინური კომპანია ააშენებს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს განაცხადა.
"2023 წლის სექტემბრისთვის უკვე შერჩეული გვყავდა ორი კვალიფიციური კომპანია – ჩინური კონსორციუმი და "თიაიელი" – ლუქსემბურგული კომპანია. ამის შემდეგ დავიწყეთ მუშაობა დეტალური წინადადებების მიღების პროცესზე. [...] ორივე პრეტენდენტთან გვქონდა დეტალური კონსულტაციები, მაგრამ ჩვენ მივიღეთ წინადადებები მხოლოდ ჩინური კონსორციუმის მხრიდან, ამ შემთხვევაში აპლიკაცია სრულყოფილია, წარმოდგენილია შესაბამისი საბანკო გარანტიები, აქედან გამომდინარე უახლოეს დღეებში გვექნება დაზუსტებები, რომლის შემდეგაც გამოვაცხადებთ გამარჯვებულად ჩინურ კონსორციუმს და დავიწყებთ უკვე მოლაპარაკებებს საპარტნიორო შეთანხმების შესახებ", – განაცხადა მინისტრმა.


