Accentnews.ge
"ფლანგვის დეტექტორი": 2023 წელს პარტიებმა 13.6 მილიონის შემოწირულება მიიღეს, აქედან 11.1 მილიონი "ოცნებამ"

"ფლანგვის დეტექტორი": 2023 წელს პარტიებმა 13.6 მილიონის შემოწირულება მიიღეს, აქედან 11.1 მილიონი "ოცნებამ"

29/05/2024 13:09:31 პოლიტიკა

2023 წელს პოლიტიკური პარტიებმა 13.6 მილიონი ლარის შემოწირულება მიიღეს, აქედან 11.1 მილიონი მმართველმა პარტიამ, – მონაცემებს "ფლანგვის დეტექტორი" აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ როგორც წესი, კომპანიები, რომელთა მეწილეები მმართველ პარტიას ფულს სწირავენ, ბიუჯეტიდან გულუხვ სუბსიდიებს იღებენ.

პარტია "ქართულმა ოცნებამ" 23 მლნ ლარზე მეტი 2020 წლის საარჩევნო პერიოდში მიიღო. შემომწირველთა შორის იყვნენ როგორც ფიზიკური პირები, ისე კომპანიები. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე ნაკლები შემოწირულება პარტიამ 2022 წელს მიიღო 1 მლნ ლარის ოდენობით, თუმცა მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა 2023 წელს რაც ქვეყანაში არჩევნების მოახლოებით შეგვიძლია ავხსნათ,– აღნიშნავენ "ფლანგვის დეტექტორში".

კერძოდ, 2023 წელს პარტია "ქართულ ოცნებმა" 348 შემოწირულება მიიღო. პარტიის შემომწირველთა უმეტესობა მაქსიმალურ ოდენობას (50,000-60,000 ლარს) სწირავენ, შემომწირველთა სიაში ხშირად შეხვდებით ერთი კომპანიის რამდენიმე დამფუძნებელსაც.

"ქართული ოცნების" შემწირველი ბიზნესმენები და კომპანიები:

  • დავით დუგლაძე

ორგანიზაციის ცნობით, ერთ დროს "ნაცინალური მოძრაობის" მხარდამჭერი დავით დუგლაძე, 2016 წლიდან "ქართული ოცნების" ერთგული შემომწირველია. მას ჯამში 222,000 ლარის შემოწირულება აქვს გაცემული პარტიისა და სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ. დავით დუგლაძე ცნობილი ბიზნესმენია, რომლის საქმიანობა ღვინის წარმოებასთან არის დაკავშირებული.

"აღსანიშნავია, რომ დავით დუგლაძე ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის ბიზნესპარტნიორია, რომელიც ასევე ღვინის ბიზნესით არის დაკავებული. კომპანიები, რომლებშიც დავით დუგლაძე და ალექსანდრე ივანიშვილი მონაწილეობენ სახელმწიფოსგან მილიონობით ლარის ოდენობის სუბსიდიას იღებენ".

  • ეს კომპანიებია:

კომპანია სს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა, რომელმაც მხოლოდ 2022 წელს, რთველის სუბსიდიის პროექტის ფარგლებში, 2 მლნ ლარზე მეტი მიიღო. 2021-2023 წლებში კომპანიას ჯამში 4,124,406 ლარის ოდენობის სუბსიდია აქვს მიღებული. ამავე წლებში კომპანიამ ასევე შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში ჯამში 2 მლნ ლარზე მეტი (2,328,349 ლარი) მიიღო.

  • 2023 წელი – 412,446 ლარი
  • 2022 წელი – 2,369,451 ლარი
  • 2021 წელი – 1,342,509 ლარი

შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია კიდევ ერთი ბიზნესია, რომლის მეწილეები ასევე დავით დუგლაძე და ალექსანდრე ივანიშვილი არიან. კომპანიას ჯამში 2,048,027.05 ლარის სუბსიდია და ჯამში 1,733,273 ლარის ოდენობის აგროკრედიტი აქვს მიღებული 2021-2023 წლებში.

  • 2023 წელი – 425,456 ლარი
  • 2022 წელი – 862,582.8 ლარი
  • 2021 წელი – 759,988.25 ლარი

დავით დუგლაძისა და ალექსანდრე ივანიშვილის კომპანიებს, 2021-2023 წლებში, ჯამში 6 მლნ ლარზე მეტი ( 6,172,433.05 ლარი) სუბსიდია აქვს მიღებული ღვინის ეროვნული სააგენტოდან, რთვლის სუბსიდიის პროექტის ფარგლებში.

მმართველი პარტიის შემომწირველები არიან ასევე ზემო აღნიშნული კომპანიების სხვა მეწილეებიც: ალექსანდრე ივანიშვილი და ზაალ დუგლაძე.

  • ზურაბ ჩხაიძე

ორგანიზაციის ცნობით, ზურაბ ჩხაიძე კომპანია კახური ტრადიციული მეღვინეობის გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. კომპანია წლებია, იღებს მილიონობით ლარის სუბსიდიას სახელმწიფოსგან. მხოლოდ 3 წელიწადში თანხამ 8,449,628.7 ლარი შეადგინა, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. კომპანიას ასევე ჯამში 2,828,945.31 ლარის აგროკრედიტი აქვს მიღებული 2021-2023 წლებში.

  • 2023 წელი- 1,562,218 ლარი
  • 2022 წელი- 2,520,562.2 ლარი
  • 2021 წელი- 4,366,848.50 ლარი

ალბათ, გასაკვირი არ არის, რომ ზურაბ ჩხაიძე მმართველი პარტიის შემომწირველია 2018 წლიდან. მას ჯამში 240,000 ლარის შემოწირულება აქვს გაცემული. აქედან 60,000 ლარი მან სალომე ზურაბიშვილს შეწირა 2018 წელს.

მმართველი პარტიის შემომწირველები არიან კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს სხვა წევრებიც – კობა ხარხელი და თეა თებიძე.

  • ირაკლი უგულავა

ირაკლი უგულავამ პარტია ქართულ ოცნებას 2023 წელს 30,000 ლარი შესწირა. 2020-2021 წლებში მისმა შემოწირულებამ 35,000 ლარი შეადგინა. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ირაკლი უგულავა შპს ასკანელი ძმების დირექტორია. კომპანია ასკანელი ძმებმა 2021-2023 წლებში ჯამში 4 მლნ ლარამდე (3,830,666) ლარის სუბსიდია ღვინის სააგენტოდან მიიღო.

  • 2023 წელი- 652, 573 ლარი
  • 2022 წელს – 601,984.25 ლარი
  • 2021- 2,576,109.5 ლარი

გარდა ამისა, შპს ასკანელი ძმებმა 2021-2023 წლებში 1,859,758 ლარის ოდენობის აგროკრედიტიც მიიღო.

მმართველი პარტიის შემომწირველია შპს ასკანელი ძმების სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ჯიმშერ ჩხაიძეც.

  • ირაკლი კოტეტიშვილი

ირაკლი კოტეტიშვილმა 2023 წელს 60,000 ლარი შესწირა მმართველ პარტიას. ეს მისი პირველი შემოწირულება არ არის. მას ჯამში 70,000 ლარი აქვს შეწირული პარტია ქართული ოცნებისთვის. სამეწარმეო რეესტრის თანახმად, ირაკლი კოტეტიშვილი 4 კომპანიის მეწილეა – მათ შორის არის შპს ფალავანი. 2021-2023 წლებში კომპანიას ღვინის სააგენტოდან 366,084.5 ლარის სუბსიდია აქვს მიღებული.

  • 2023 წელი- 73,224 ლარი
  • 2022 წელს – 201,652.50ლარი
  • 2021- 91,208 ლარი

შპს ფალავანმა 2021-2023 წლებში აგროკრედიტის სახით ​​284,940 ლარი მიიღო.

მმართველი პარტიის შემომწირველია კომპანიის დირექტორი გიორგი ფოჩხიძე, რომელმაც, ირაკლი კოტეტიშვილის მსგავსად ორჯერ შესწირა თანხა ოცნებას, 2020 და 2023 წელს, ჯამში 38,000 ლარის ოდენობით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S