პუტინი თურქეთში ვიზიტამდე მოულოდნელად სირიაში ჩავიდა
07/01/2020 14:33:56 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაუგეგმავი ვიზიტით სირიაში ჩავიდა. რუსული მედიის ცნობით, ვლადიმირ პუტინმა და სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ ასადმა ახლო აღმოსავლეთის კრიზისი განიხილეს.
პუტინი სირიაში ბოლოს 2017 წელს იმყოფებოდა, რა დროსაც ქვეყანაში მდებარე რუსული ბაზები მოინახულა. რუსეთმა ბაზები სირიაში 2015 წელს „ტერორისტებთან ბრძოლის“ საბაბით განათავსა.
კრემლის პრეს–სამსახურის ინფორმაციით, 8 იანვარს პუტინი თურქეთს ეწვევა და გაზსადენ „თურქული ნაკადის“ ექსპლუატაციაში შესვლის ცერემონიას დაესწრება. ვიზიტის ფარგლებში ვლადიმირ პუტინი პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღან შეხვდება. საუბრის მთავარი თემა ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონში არსებული მდგომარეობა იქნება.
ცნობისთვის: შუა აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად მას შემდეგ გამწვავდა, რაც აშშ–ის მიერ ბადღადის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს ირანული ელიტური ქვედანაყოფის „ქუდსის ძალების“ ლიდერი გენერალ-მაიორი ქასემ სულეიმანი და ერაყელი საბრძოლო დაჯგუფების მეთაური აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი დაიღუპნენ.
პენტაგონის განცხადებით, ბადღადის საერთაშორისო აეროპორტზე სარაკეტო თავდასხმის ბრძანება პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა.
„ეს იყო გადამწყვეტი თავდაცვითი ღონისძიება, რათა დაგვეცვა საზღვარგარეთ მოსამსახურე ამერიკელი პერსონალი. გენერალი სულეიმანი გეგმავდა თავდასხმებს ამერიკელ დიპლომატებზე ერაყში და მთელ რეგიონში", – აცხადებენ პენტაგონში.
ირანის უმაღლესი ლიდერის აითოლა ალი ხამენეისა და პრეზიდენტ ჰასან როუჰანის განცხადებით, ირანი „სასტიკად იძიებს შურს“ იმ „კრიმინალების წინააღმდეგ“, ვინც ბაღდადის აეროპორტში სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.
„ერაყის „სახალხო მობილიზაციის ძალები" მომხდარზე პასუხისმგებლობას "ამერიკელ და ებრაელ მტრებს" აკისრებს.
„ისრაელის არმიის რადიოს“ ცნობით, ირანიდან შესაძლო თავდასხმის გამო ისრაელის სამხედრო ძალები საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. მისივე ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა საგანგებო სხდომა მოიწვია. ამასთან, ქვეყნაში დაიხურა სირიის საზღვართან ახლოს მდებარე სათხილამურო კურორტი.


