პრემიერმა "ირონია" უწოდა და არა "აღიარება" "ხარებას" განცხადებას
30/05/2024 08:25:49 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის ზვიად ხარაზიშვილის (იგივე "ხარებას") განცხადება, რომ აქციაზე „არაკაცებს სცემდა და არა ახალგაზრდებს“ და რომ "სია აქვს", ირონიული უწოდა და მას არ აღიქვამს რაიმე სახის აღიარებად.
ამასთან მან გაიმეორა, რომ შსს აქციებზე მოქმედებდა "ევროპული და ამერიკული" სტანდარტით და "ინციდენტები" უწოდა მომიტინგეებზე და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებს.
„არ მგონია, რომ ეს იყო რაიმეს აღიარება. ეს იყო ირონიული განცხადება და ამ ირონიულ განცხადებას იმსახურებდა ის ადამიანი, რომელსაც ხარაზიშვილი მიმართავდა. შესაბამისად, ეს ვერ იქნება აღქმული, როგორც რაიმე ტიპის აღიარება.
რაც შეეხება ინციდენტებს, ეს არ იყო არც მისაღები, არც მოსაწონი, იყო შემაშფოთებელი, შესაბამისად, ვერ მოვიწონებ ასეთი ტიპის ინციდენტებს. თუმცა, ზოგადად. მთლიანობაში მთელი ამ აქციების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრო ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდა ამ კონკრეტული ინციდენტების გამოკლებით“,- განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება კრიტიკულად განწყობილი ადამიანებისთვის უცხო ნომრებიდან რეკვისა და მუქარა–სეურაცხყოფის კამპანიას, კობახიძე ამბობს, რომ ეს საკითხი "გამოსაძიებელია".
„გამოსაძიებელია, ალბათ, ეს საკითხი. შეიძლება არის კიდეც გამოძიება დაწყებული. ასეთი ზარები გაისმა პარლამენტის წევრებთანაც, თბილისის საკრებულოს წევრებთან. მთლიანად ეს ყველაფერი აბსოლუტურად გაუგებარი იყო. შესაბამისად, შესწავლას საჭიროებს.
ამასთან ერთად, მინდა შეგახსენოთ, რომ საჯარო სივრცეში მათ შორის ამ დღეების განმავლობაში, ვრცელდებოდა დეპუტატების მობილური ნომრები მოწოდებით, რომ ე.წ. აქტივისტებს თითოეულ დეპუტატთან დაერეკათ მათ შორის შეურაცხმყოფელი მოწოდებებით. ამასთან დაკავშირებით, არავის შეშფოთებული რეაქცია არ მახსოვს, აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ ყველას: ნუ იმოქმედებენ ორმაგი სტანდარტით, ჰქონდეთ ერთმაგი სტანდარტი. ნებისმიერი ასეთი აქტი, ზეწოლა, ბულინგი აბსოლუტურად მიუღებელია როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან. შესაბამისად, ყველა უნდა გაემიჯნოს ასეთი ტიპის აქტებს“,- განაცხადა კობახიძემ.
კობახიძემ მანამდეც განაცხადა, რომ "ბოლომდე ჩაყვებიან" თითოეული ძალადობის ფაქტს, თუმცა იმ პირობებში, როდესაც 200–ზე მეტი ადამიანი დააკავეს აქციების მიმდინარეობისას, ათობით ადამიანი დააჯარიმეს და 10–მდე პირის წინააღმდეგ აქძღრულია სისხლის სამართლის საქმე, ამ დრომდე პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობისთვის არც ერთი პირი არაა პასუხისგებაში მიცემული.


