პოპმეომ ცალსახა პასუხი არ გასცა კითხვას, დაბომბავს თუ არა აშშ ირანის კულტურულ ობიექტებს
07/01/2020 15:36:51 მსოფლიო
აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ცალსახა პასუხი არ გასცა კითხვას, დაბომბავს თუ არა აშშ ირანის კულტურულ ობიექტებს.
ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ პომპეომ შემდეგი განაცხადა: „ჩვენი ყველა ქმედება საერთაშორისო სამართლის პირინციპების შესაბამისი იქნება“.
5 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ–მა შესაძლოა ირანის კულტურულ ობიექტებზე თავდასხმა განახორციელოს:
„თუ ირანი მიიტანს იერიშს ამერიკელებზე ან ამერიკულ ობიექტებზე, ჩვენ უკვე შევარჩიეთ 52 ირანული ობიექტი (წლების წინ ირანმა მძევლად 52 ამერიკელი აიყვანა). ეს ობიექტები ძალიან მნიშვნელოვანია ირანისა და მისი კულტურისთვის. ჩვენი დარტყმა ძალიან სწრაფი და ძლიერი იქნება“.
ცნობისთვის: შუა აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად მას შემდეგ გამწვავდა, რაც აშშ–ის მიერ ბადღადის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს ირანული ელიტური ქვედანაყოფის „ქუდსის ძალების“ ლიდერი გენერალ-მაიორი ქასემ სულეიმანი და ერაყელი საბრძოლო დაჯგუფების მეთაური აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი დაიღუპნენ.
პენტაგონის განცხადებით, ბადღადის საერთაშორისო აეროპორტზე სარაკეტო თავდასხმის ბრძანება პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა.
„ეს იყო გადამწყვეტი თავდაცვითი ღონისძიება, რათა დაგვეცვა საზღვარგარეთ მოსამსახურე ამერიკელი პერსონალი. გენერალი სულეიმანი გეგმავდა თავდასხმებს ამერიკელ დიპლომატებზე ერაყში და მთელ რეგიონში", – აცხადებენ პენტაგონში.
ირანის უმაღლესი ლიდერის აითოლა ალი ხამენეისა და პრეზიდენტ ჰასან როუჰანის განცხადებით, ირანი „სასტიკად იძიებს შურს“ იმ „კრიმინალების წინააღმდეგ“, ვინც ბაღდადის აეროპორტში სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.
„ერაყის „სახალხო მობილიზაციის ძალები" მომხდარზე პასუხისმგებლობას "ამერიკელ და ებრაელ მტრებს" აკისრებს.
„ისრაელის არმიის რადიოს“ ცნობით, ირანიდან შესაძლო თავდასხმის გამო ისრაელის სამხედრო ძალები საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. მისივე ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა საგანგებო სხდომა მოიწვია. ამასთან, ქვეყნაში დაიხურა სირიის საზღვართან ახლოს მდებარე სათხილამურო კურორტი.


