ვარჰეი შესაძლოა, თანამდებობას დაემშვიდობოს: "ევროკომისარს კანდიდატი ქვეყნების მიმართ პოლიტიკის ძირის გამოთხრაში ადანაშაულებენ"
30/05/2024 11:04:10 პოლიტიკა
უკრაინასთან დაკავშირებით უნგრეთის პრემიერ–მინისტრ ვიქტორ ორბანის პოზიციების გამო ევროკავშირის ლიდერები გეგმავენ მის დასჯას მისი ქვეყნის პოზიციების შესუსტებით ევროპულ კომისიაში, – იუწყება POLITICO-ს სამ დიპლომატზე დაყრდნობით.
"უნგრეთს გაფართოების საკითხებთან დაკავშირებული უფლებამოსილების შენარჩუნება სურს, რითაც მომავალშიც მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ბლოკში უკრაინის გაწევრიანების შესახებ დაწყებულ მოლაპარაკებებზე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებს არ აქვთ სურვილი, ბუდაპეშტის ამჟამინდელ კომისარ ოლივერ ვარჰეის (ან სხვა ნებისმიერ უნგრელს) ასეთი მთავარი როლი შეუნარჩუნდეთ. ორბანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის უახლოესი მოკავშირე მუდმივად არის და ევროპის ლიდერები სულ უფრო აღშფოთებულნი არიან სანქციების გაჭიანურებითა და კიევისთვის თანხების მიწოდების წინააღმდეგობით. [...] ბოლო თვეებში ორბანი ცდილობდა, დაებლოკა უკრაინის დახმარება და დაემუქრა გაწევრიანების მოლაპარაკებებს. ივლისში უნგრელები ევროკავშირის საბჭოს ექვსთვიან თავმჯდომარეობასაც მიიღებენ, რაც მათ დღის წესრიგის დადგენის უფლებამოსილებას მიანიჭებს. ცენტრალური ევროპის ქვეყანა მაინც იმედოვნებს, რომ ოლივერ ვარჰეი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის თანამდებობაზე დარჩება, რომელიც მას 2019 წლიდან უკავია მას შემდეგ, რაც ორბანმა წარადგინა, მაგრამ ოლივერ ვარჰეი დაადანაშაულეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების მიმართ პოლიტიკის ძირის გამოთხრაში, დაბნეულობის შემოტანაში საქართველოსთან მიმართებაში ფართოდ დაგმობილი "უცხოელი აგენტების" კანონის თაობაზე", – იტყობინება გამოცემა.
„იმ კატასტროფის შემდეგ, რომელიც ამჯერად მოხდა ვარჰეისთან დაკავშირებით და იმის გათვალისწინებით, როგორ ებრძვის ორბანი [ევროპული კომისიის პრეზიდენტს] ურსულა ფონ დერ ლეიენს, არ არსებობს გზა, რომ იგი [ლეიენი] რაიმე მნიშვნელოვანს [პოზიციას] გადასცემს მის [ორბანის] ახლობელ ადამიანს“, - განუცხადა POLITICO-ს ერთ ერთმა დიპლომატმა.
გამოცემა წერს, რომ მანამდე, კიდევ ერთმა, მეოთხე დიპლომატმა გამოთქვა შეშფოთება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებში ვარჰეის როლის გამო, იმის გათვალისწინებით, რომ უნგრეთი ღიად ეწინააღმდეგებოდა უკრაინის ბლოკში გაწევრიანებას.
”ეს არის ის, რაც ჩვენ მივიღეთ იმით, რომ მელას დავავალეთ საქათმის მეთვალყურეობა”, - განუცხადა ელჩმა POLITICO-ს Brussels Playbook-ს.
როგორც POLITICO იუწყება, არც ვარჰეის ოფისმა და არც უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არ უპასუხეს გამოცემის კომენტარის თხოვნას.
როგორც POLITICO იუწყება, "ოლივერ ვარჰეი დაადანაშაულეს, მათ შორის დაბნეულობის შემოტანაში საქართველოსთან მიმართებაში ფართოდ დაგმობილი "უცხოელი აგენტების" კანონის თაობაზე".
შეგახსენებთ, რომ 23 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი მუქარაში დაადანაშაულა. მოგვიანებით, იმავე დღეს ევროკომისარმა ვარჰეიმ განცხადება გაავრცელა, რომელშიც იგი "წუხილს გამოთქვამდა, რომ მისი სატელეფონო საუბრის ნაწილი კონტექსტიდან იყო ამოღებული".
რა თქვა ვარჰეიმ
"საქართველოს პრემიერ–მინისტრის 2024 წლის 23 მაისს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით მინდა, გამოვხატო ჩემი გულწრფელი მწუხარება, რომ ჩემი სატელეფონო საუბრის გარკვეული ნაწილი კონტექსტიდანაა ამოღებული. როგორც სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მომუშავე კომისარი, მე რეგულარულ კონტაქტზე ვარ ჩემი პორტფელის ქვეყნების მთავრობებთან, რადგან საკომუნიკაციო არხები ყოველთვის ღია უნდა იყოს პირდაპირი პოლიტიკური გაცვლებისთვის.
საქართველოს ამჟამინდელ პოლიტიკურ სიტუაციაში, მე დიდ ძალისხმევას ვწევ, რომ საქართველოს პოლიტიკური ხელისუფლება დამერწმუნებინა არ მიეღო კანონი "უცხოური გავლენების" შესახებ, რომელმაც შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს საქართველოს გზას ევროკავშირში.
იქიდან გამომდინარე, რომ კარგად მაქვს გაცნობიერებული საქართველოს საზოგადოების ძალიან ძლიერი პროევროპული სენტიმენტები, სატელეფონო საუბრისას საჭიროდ ჩავთვალე პრემიერს ყურადღება მიექცია საჭიროებაზე, რომ ამ კანონის მიღებით, არ უნდა გამწვავდეს ისედაც მერყევი სიტუაცია, რასაც შეუძლია, გამოიწვიოს უფრო ღრმა პოლარიზაცია და თბილისის ქუჩებში შესაძლო უკონტროლო ვითარება. ამასთან დაკავშირებით, მაგალითად მოვიყვანე უკანასკნელი ტრაგიკული ინციდენტი სლოვაკეთში, როგორც მაგალითი თუ სად შეიძლება, მიგვიყვანოს პოლარიზაციის ასეთმა მაღალმა დონემ საზოგადოებაში, თუნდაც ევროპაში.
კიდევ ერთხელ, ვწუხვარ, რომ ჩემი სატელეფონო ზარის ერთი ნაწილი არამხოლოდ მთლიანად იქნა ამოღებული კონტექსტიდან, არამედ საზოგადოებისთვის იყო წარმოდგენილი ისე, რომ მას შეეძლო ჩემი სატელეფონო ზარის თავდაპირველი მიზნის სრულიად არასწორი ინტერპრეტაცია გამოეწვია.
მე კვლავ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ არ მიიღოს ეს კანონი.
მე ამას ვთხოვ, როგორც საქართველოს კარგად ნაცნობი და პატივსაცემი მეგობარი.
მე კვლავ ვაგრძელებ საქართველოს მხარდაჭერას ევროპულ გზაზე".
რა თქვა კობახიძემ
ვარჰეის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე ამტკიცებდა, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი დაემუქრა და მაგალითად სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე თავდასხმა მოუყვანა.
"საზოგადოება აკვირდება გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და ხედავს, რომ მთელი რიგი მაღალი რანგის უცხოელი პოლიტიკოსები არ ერიდებიან ღია შანტაჟსაც კი ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ. ამგვარ შეურაცხმყოფელ შანტაჟს დიდი ხანია მიჩვეული ვართ და მან საზოგადოებისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც არსებითად უკვე დაკარგა აქტუალობა.
თუმცა, ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა - „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.
როდესაც გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებული შანტაჟის კონტექსტში ახსენებენ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რომელზეც რამდენიმე დღის წინ ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა და რომელიც ამჟამადაც მკურნალობას გადის, ეს ჩვენთვის უკიდურესად შემაშფოთებელია. ხაზს გავუსვამ იმასაც, რომ წინასწარი ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის უკან იკვეთება ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურის კვალი, რომელიც გლობალურ ომის პარტიასთან განსაკუთრებით მჭიდროდ არის დაკავშირებული.
პრევენციის მიზნით, თავი ვალდებულად მივიჩნიე, ამ მუქარის შესახებ ინფორმაცია ქართული საზოგადოებისთვის მიმეწოდებინა. რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობასთან გავლებული პარალელი შეგვახსენებს, რომ გლობალური ომის პარტიის სახით, საქმე გვაქვს უაღრესად საშიშ ძალასთან, რომელიც საქართველოში არეულობის შემოსატანად ყველაფერზეა წამსვლელი.
დარწმუნებული ვარ, მათ გეგმებს არც ამჯერად უწერია წარმატება და საქართველო აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობას და პოლიტიკურ სტაბილურობას, რაც ქვეყნის განვითარების აუცილებელი პირობაა", – განაცხადა კობახიძემ.


