ირანის საგარეო უწყებამ დიდი ბრიტანეთის ელჩი დაიბარა: „ახლა აშშ–ის გვერდით დგომა ვაშინგტონის ტერორისტული ქმედების გამართლებაა“
07/01/2020 18:08:59 მსოფლიო
ირანის საგარეო უწყებამ ქვეყანაში დიდი ბრიტანეთის ელჩი რობ მაკაირი დაიბარა. ბრიტანული მედიის ცნობით, თეირანმა ელჩს განუცხადა, რომ „ირანელი გენერალ–მაიორის ქასემ სულეიმანის მკვლელობასთან დაკავშირებით აშშ–ის გვერდით დგომა ვაშინგტონის ტერორისტული ქმედების გამართლებაა“.
„გადაეცით ჩვენი მესიჯი ბრიტანეთის მთავრობას, რომ დიდი ბრიტანეთი არ უნდა იყოს ამ დანაშაულის პარტნიორი“, – ნათქვამია, ბრიტანული მედიის ცნობით, წერილში, რომელიც ირანის საგრეო უწყებამ რობ მაკაირს გადასცა.
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ ბენ ვოლენსის განცხადებით, შუა აღმოსავლეთში ბრიტანული სამხედრო ხომალდები მზადყოფნაშია მოყვანილი.
„ჩვენ მივიღეთ აუცილებელი ზომები, რათა სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში დავიცვათ ბრიტანელების ინტერესები ერაყსა და სხვა მიმდებარე ქვეყნებში. ჩვენი ძალების მზადყოფნის გადაწყვეტილება აუცილებელი იყო“, – განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მინსტრმა.
ამჟამად ბრიტანეთს ერაყში 400 ჯარისკაცი და სპარსეთის ყურეში ორი საბრძოლო ხომალდი – HMS Montrose და HMS Defender ჰყავს.
ცნობისთვის: შუა აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად მას შემდეგ გამწვავდა, რაც აშშ–ის მიერ ბადღადის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს ირანული ელიტური ქვედანაყოფის „ქუდსის ძალების“ ლიდერი გენერალ-მაიორი ქასემ სულეიმანი და ერაყელი საბრძოლო დაჯგუფების მეთაური აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი დაიღუპნენ.
პენტაგონის განცხადებით, ბადღადის საერთაშორისო აეროპორტზე სარაკეტო თავდასხმის ბრძანება პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა.
„ეს იყო გადამწყვეტი თავდაცვითი ღონისძიება, რათა დაგვეცვა საზღვარგარეთ მოსამსახურე ამერიკელი პერსონალი. გენერალი სულეიმანი გეგმავდა თავდასხმებს ამერიკელ დიპლომატებზე ერაყში და მთელ რეგიონში", – აცხადებენ პენტაგონში.
ირანის უმაღლესი ლიდერის აითოლა ალი ხამენეისა და პრეზიდენტ ჰასან როუჰანის განცხადებით, ირანი „სასტიკად იძიებს შურს“ იმ „კრიმინალების წინააღმდეგ“, ვინც ბაღდადის აეროპორტში სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.
„ერაყის „სახალხო მობილიზაციის ძალები" მომხდარზე პასუხისმგებლობას "ამერიკელ და ებრაელ მტრებს" აკისრებს.
„ისრაელის არმიის რადიოს“ ცნობით, ირანიდან შესაძლო თავდასხმის გამო ისრაელის სამხედრო ძალები საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. მისივე ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა საგანგებო სხდომა მოიწვია. ამასთან, ქვეყნაში დაიხურა სირიის საზღვართან ახლოს მდებარე სათხილამურო კურორტი.


