მაჭარაშვილის შემდეგ რეპრესიებით ხუნდაძე იმუქრება
31/05/2024 10:58:36 პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობი წევრ გურამ მაჭარაშვილის შემდეგ რეპრესიებით ასევე უმრავლესობის წევრი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე იმუქრება.
მისი მტკიცებით, "ნაციონალური მოძრაობა" აპირისპირებს ახალგაზრდებს მშობლების თაობასთან და რომ "აგენტურისთვის სამართლებრივი შედეგი აუცილებლად დადგება".
"ის, რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება, რომ ახალგაზრდებს ახალისებენ, რათა უფროსი თაობის წარმომადგენლებზე მოახდინონ ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სხვა ტიპის ზეწოლები, მიუღებელია. ეს მახასიათებელია "ნაციონალური მოძრაობისათვის". თაობათა შორის დაპირისპირებას მაშინაც იყენებდა, როცა ხელისუფლებაში იყო და ამას აკეთებს დღესაც. ახალგაზრდებს უბიძგებს, რომ მშობლების თაობას დაუპირისპირდნენ. ასევე, ეძებენ ახალგაზრდებს საკუთარ მშობლებთან დასაპირისპირებლად. მოკითხულია მაგალითად, ჩვენი, დეპუტატების შვილები სად სწავლობენ, სად მუშაობენ, სად ცხოვრობენ, რომ შვილები დაუპირისპირონ მშობლებს. ეს დაუშვებელია. ამავე დროს ეს არის სახიფათო. მერწმუნეთ, ორ თვეში, როდესაც კანონი ბოლომდე ამუშავდება, რა თქმა უნდა, იქნება მოცული. მანამდე ასეთი ტიპის დამკვეთებს, აგენტურას, რა თქმა უნდა, მოეთხოვება სამართლებრივი პასუხი, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, სახელმწიფო და არ ვაპირებთ, რომ ასეთი აურზაური შევქმნათ და ქვეყანა მივიდეს მაიდანიზაციამდე. მაიდნის გზა მიდის ომამდე. ჩვენ ყველაზე მეტად სწორედ ახალგაზრდებისთვის ვიბრძვით და მათთვის ვითმენთ ყველაზე მეტს, რომ ისინი არ აღმოჩნდნენ ცეცხლისა და ომის მსხვერპლი. სამართალმა თავისი აუცილებლად უნდა თქვას," - განაცხადა ხუნდაძემ.
მას არ უხსენებია კამპანია "აგენტების კანონის" მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ: მუქარის და შეურაცხყოფის შემცველი ზარები, წარწერები საცხოვრებელ სახლებთან, სადარბაზოებთან ჩასაფრებები და თავდასხმები. ამ დრომდე არც ერთ ეპიზოდზე პასუხისგებაში არავინაა მიცემული.


