პაპუაშვილის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ყველა პროექტს გადახედავს და პარტნიორებს "დააკვირდება"
31/05/2024 13:45:03 პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ყველა პროექტს გადახედავს და სადაც არიან "სპეკულაციის მოყვარული NGO-ები", სახელმწიფო უნდა "დააკვირდეს" და თუკი ვინმეს "საერთოდ არ უღირს დარეგისტრირება რეესტრში, საერთოდ დაიხუროს ქუდი და წავიდეს". ასე უპასუხა მან შეკითხვას, რომელიც ეხებოდა „აგენტების კანონის" მიღებით, მათ შორის ონკოპაციენტების დაფინანსების შესაძლო ხელშეშლას.
პაპუაშვილის მტკიცებით, გარკვეულმა მაგალითებმა აჩვენა, რომ ხშირ შემთხვევაში, სოციალური პროექტები სულაც არ არის სოციალური და ის პოლიტიკურია. ამ კონტექსტში ახსენა მან არასამთავრობო ორგანიზაცია "ფეა თრიიზ ფონდის" გადაწყვეტილება. ორგანიზაციამ განაცხადა, რომ "აგენტების კანონის" მიღების გამო ონის მუნიციპალიტეტში ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის პროექტის წინადადება უკან გაიწვიეს.
"დანიელი ხელმძღვანელი, ქალბატონი ბოლსი შეწუხდა, რომ ის დარეგისტრირდება, როგორც უცხო ქვეყნის ინტერესის გამტარებელი. დანიელი შეწუხდა, რომ უცხო ქვეყნის წარმომადგენელია. არ ვიცი, ახლა, ამ ადამიანს თავი ძირძველი რაჭველი ჰქონია, თუ არა, მაგრამ ერთი რამ ვიცი, რომ ის რაჭის ხარჯზე კარგ ბიზნესს აკეთებს გირჩის თესლებთან დაკავშირებით. კარგია, თუ ის სოციალური საკითხებშიც დაინტერესებულია, მაგრამ მათმა განცხადებამ აჩვენა ერთი რამე, თუ არ არ ინტერესებს არც რაჭველი ბავშვი, არც იმ რაჭველი ბავშვის კბილები, ერთადერთი, რაც მას აინტერესებს არის გირჩები და თესლი, რაც გააქვს რაჭიდან",– თქვა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ ონის მუნიციპალიტეტს "ასეთი ორგანიზაციების შეხიდება არანაირად არ სჭირდება" და რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, "ბავშვების ჯანმრთელობით სპეკულირებენ".
„ჯანდაცვის სამინისტრო ყველა ამ საკითხს, პროექტს გადახედავს და სადაც არიან ასეთი სპეკულაციის მოყვარული NGO-ები, რომელსაც ერთადერთი რამ აინტერესებთ, რამენაირად გრანტები მიიღონ და ხარჯონ და ამის შემდეგ ხელფასები ჰქონდეთ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ასეთ პარტნიორებს უნდა დააკვირდეს. სახელმწიფოს თავისი პასუხისმგებლობა აქვს. განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროში ყველანაირად ფართოვდება ეს პროგრამები, სახელმწიფო ზრუნავს თავის მოქალაქეებზე, განსაკუთრებით ბავშვებზე და აქ, ვინმეს დაყვედრება, დამადლება და საჯარო განცხადებებით ბავშვების ჯანმრთელობით სპეკულირება აბსოლუტურად მიუღებელია. თუკი ვინმეს საერთოდ არ უღირს დარეგისტრირება იმ რეესტრში, საერთოდ დაიხუროს ქუდი და წავიდეს. სახელმწიფო მიხედავს ყველა ასეთ საკითხს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.


