დიტო სამხარაძე კვლავ იმუქრება
31/05/2024 15:32:43 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი, პარლამენტის დეპუტატი დიტო სამხარაძე მედიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციური პარტიების ოფისებზე გაკეთებულ შეურაცხმყოფელ წარწერებთან მმართველი გუნდის კავშირს აღიარებს. აღნიშნული გამომდინარეობს თავად სამხარაძის "ფეისბუქ"–პოსტიდან.
მანამდე ხელისუფლების კრიტიკოსი ორგანიზაციების თუ პარტიების ოფისებზე განჩნდა ამგვარი წარწერები.
სამხარაძე აქვეყნებს ერთ–ერთ ამგვარ ვიდეოს, ორგანიზაციების ჩამონათვალს და მუქარისშემცველ ტექსტს:
„ნეოფაშისტების, უსამშობლო აგენტების წამოწყებულ უხარისხო ბულინგს გუშინ პასუხი გაეცა! სულ მცირედსაც არ გაგიტარებთ და გაპატიებთ, აბულინგეთ ერთმანეთი! რასაც ჩვენს წინააღმდეგ განიზრახავთ, ათასჯერ უარესს, მტკივნეულს და ხარისხიანს დაგიბრუნებთ! სადმე გამოჩენა და მივარდნები კი არა, ერთმანეთის დანახვაც არ მოგინდებათ, ისე მოგექცევით! ძალიან აცუნდრუკებულები ხართ, სათითაოდ ვიცით თქვენი ვინაობა, ვერ გიშველიან თქვენი პატრონები, თუ „ქართული ოცნების“ გუნდის ნებისმიერ წევრზე რაიმე ცუდს განახორციელებთ! რომ არ გამომრჩეს, უკან ყურებას თავი დაანებეთ, ჩვენ უკნიდან არავის ვეპარებით, წინ იყურეთ, რამეს ფეხი არ წამოკრათ! სტატუსს თან ვურთავ პასუხს, ვიდეო-რევოლუციის მსურველების ოფისებზე!“.
შეგახსენებთ, რომ "აგენტების კანონის" წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად ორგანიზებული კამოანიის სამიზნედ იქცნენ კრიტიკული პოზიციის მქონე ადამიანები – მათ ურეკავდნენ უცხო ნომრებიდან მუქარითა და შეურაცხმყოფელი ტექსტებით, ოფისებთან, საცხოვრებელ სახლებთან უტოვებდნენ შეურაცხმყოფელ წარწერებს, იყო ჩასაფრების და ფიზიკური თავდასხმის ფაქტები. არც ერთ შემთხვევაზე ამ დრომდე პასუხისმგებაში არავინაა მიცემული.


