სტოლტენბერგი: ახალ კანონს საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავს
31/05/2024 16:03:19 პოლიტიკა
"უცხოეთის აგენტების" შესახებ ახალ კანონს საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავს, მაგრამ არ გვიმსჯელია იმის შესახებ, თუ რა შედეგები მოჰყვება ამას საქართველოსთვის, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.
"საქართველო ჩვენი პარტნიორია. ახლახან ვიმყოფებოდი საქართველოში. და მნიშვნელოვანია, რომ ვითანამშრომლოთ ისეთ პარტნიორ ქვეყნებთან, როგორიცაა საქართველო. ამავე დროს, ახალ კანონს "უცხოელი აგენტების შესახებ" საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავს და, შესაბამისად, ნატოს მოკავშირეებმა და ბევრმა სხვა ქვეყანამ გამოთქვეს შეშფოთება. და ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ქართველი ხალხის მისწრაფება, იცხოვროს დემოკრატიულ საზოგადოებაში“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
კითხვაზე, მოჰყვება თუ არა ასეთი კანონის მიღებას რაიმე კონკრეტული გავლენა ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, სტოლტენბერგმა უპასუხა:
"ეს საკითხი არ განხილულა. და ჩვენი პარტნიორობა ფართო მხარდაჭერით სარგებლობს. მაგრამ, რა თქმა უნდა, პოლიტიკური დიალოგი პარტნიორობის ნაწილია. და პრობლემების წამოჭრაც ამ პოლიტიკური დიალოგის ნაწილია".
კითხვაზე, დარჩება თუ არა საქართველო ალიანსის ასპირანტ ქვეყნად, სპოლტენბერგი პასუხობს:
"დიახ, საქართველომ წევრობისთვის მოგვმართა. ჩვენ მისთვის ჯერ არ მიგვიცია გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, მაგრამ ჩვენ საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს“.
პრაღაში 31 მაისს დასრულდა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური ორდღიანი შეხვედრა, რომელზეც ალიანსის წევრი სახელმწიფოების დიპლომატიური უწყებების ხელმძღვანელები რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის დახმარებისა და მომავალი ვაშინგტონის სამიტის დღის წესრიგის შესახებ მსჯელობდნენ.


