პრემიერი ამჯერად "აგენტების კანონზე" ეუთო/ოდირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს იწუნებს
31/05/2024 17:13:22 პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "აგენტების კანონზე" ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნის შემდეგ, ამავე კანონზე ეუთო/ოდირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს იწუნებს.
„ეუთო/ოდირის დოკუმენტს აქვს ზუსტად იგივე ფასი, რაც ვენეციის კომისიის დოკუმენტს. ეს არის სარეკომენდაციო დოკუმენტი და ჩვენ ვართ ვალდებული გავიზიაროთ მხოლოდ ისეთი შენიშვნები, რომლებიც ეფუძნება სამართლებრივ არგუმენტებს. ამ შემთხვევაში ეუთო/ოდირის დოკუმენტი არ ეფუძნება არავითარ სამართლებრივ არგუმენტებს, პრაქტიკულად იმეორებს ვენეციის კომისიის დასკვნას, რომლის მიხედვითაც გამჭვირვალობა არის ცუდი. ამ დროს ყველამ ვიცით, რომ გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი უმთავრესი ევროპული ღირებულება და გამჭვირვალობა ვერ იქნება ცუდი. იმ დოკუმენტს, რომელიც ამბობს, რომ გამჭვირვალობა არის ცუდი, ჩვენთვის ვერ ექნება სამართლებრივი ღირებულება. შესაბამისად, ჩვენ ვიმოქმედებთ იმ პრინციპების მიხედვით, რომელსაც თავიდანვე დაეფუძნა ევროპის კავშირი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) იურიდიულ ანალიზში ნათქვამია, რომ საქართველოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი დემოკრატიულ სტანდარტებსა და ადამიანის უფლებებს არ შეესაბამება. ODIHR-ის ანალიზი ასევე ხაზს უსვამს მნიშვნელოვან სხვაობებს საქართველოში მიღებულ კანონსა და აშშ-სა (FARA) და ავსტრალიაში არსებულ კანონებს შორის, რომელიც ფუნდამენტურად განსხვავებულია მიზნებსა და მასშტაბებში. მანამდე კრიტიკული დასკვნა მოამზადა ვენეციის კომისიამ.


