კობახიძემ "თავხედობა" უწოდა ლიეტუვაში საქართველოს ელჩის დაბარებას, ხოლო კალასის განცხადებას – "გაუგებარი"
31/05/2024 18:20:33 პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "თავხედობა" უწოდა ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩის დაბარებას "აგენტების კანონის" გამო.
"ლიეტუვაში როდესაც იბარებენ საქართველოს ელჩს საქართველოში კანონის მიღებასთან დაკავშირებით, ეს, რა თქმა უნდა, საჭიროებს რეაგირებას. ეს არის უბრალოდ თავხედობა და მეტი არაფერი",– თქვა კობახიძემ.
ამასთან, გაუგებარი უწოდა ესტონეთის პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში აქციაზე გამოსვლას შეეხებოდა:
„რაც შეეხება ესტონეთში გაკეთებულ განცხადებას, ესეც ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს. ერთი, რომ პრემიერ-მინისტრმა არ იცის, რას აკეთებს მისი საგარეო საქმეთა მინისტრი, ეს აბსოლუტურად გაუგებარია და მეორე - პრემიერის მხრიდან საქართველოში მიმდინარე პროცესების შედარება უკრაინულ „მაიდანთან", რომელმაც უბედურებაში გახვია ჩვენი მეგობარი ქვეყანა, არის აბსოლუტურად გაუგებარი პირადად ჩემთვის. სხვა შეფასებას ამასთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ", - აღნიშნა პრემიერმა.
როგორც ცნობილია, "უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ" კანონის გამო ლიეტუვის საგარეო უწყებაში საქართველოს ელჩი დაიბარეს.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ელჩთან შეხვედრაზე "ღრმა მწუხარება" გამოიხატა მმართველი პარტია "ქართული ოცნების" ამ ნაბიჯის, ასევე სხვა ქმედებების გამო, რომლებიც ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების დაშინებაზე და მისი მოქმედების შეზღუდვაზეა მიმართული, რაც ძირშივე ეწინააღმდეგება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ კურსს.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ამასწინათ საქართველოში კიდევ რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა იქნა მიღებული, რომელიც შეუთავსებელია ევროინტეგრაციასთან, ამასთანავე, ვრცელდება აქტიური ანტიდასავლური პროპაგანდა, მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ კი ადგილი აქვს ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების დაშინების მცდელობებსა და მის წარმომადგენლებზე ორგანიზებულ თავდასხმებს.
"ლიეტუვა ღრმადაა შეშფოთებული საქართველოში მიმდინარე მოვლენებით და თანამშრომლობს პარტნიორებთან რეაგირების შესაძლო ზომებთან დკავშირებით" - ნათქვამია ქვეყნის საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადებაში.
რაც შეეხება ესტონეთს პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა თქვა, რომ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს მარგუს ცაჰკნას საქართველოში აქციაზე გამოსვლის საკითხი მთავრობასთან წინასწარ არ განუხილავს, თუმა მისი ხედვით, მოქალაქეებისთვის სოლიდარობის გამოცხადება სწორი იყო.
„განიხილა თუ არა საგარეო საქმეთა მინისტრმა საპროტესტო აქციაზე დასწრება? არა, არ განუხილავს ეს საკითხი, მაგრამ, ცხადია, რომ იმ მომენტიდან, როდესაც ჩვენ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივანიჭეთ, გარკვეული ნაბიჯები, რომლებსაც ისინი რეფორმებთან მიმართებაში იღებენ, არასწორი მიმართულებით მიდის. ეს აღარ არის შიდა ქართული საკითხი. აქ, რეალურად, მთელი ევროკავშირის სანდოობა დევს სასწორზე.
მე არ განვსჯი ამ პერფორმანსს. რა თქმა უნდა, სტილი თითოეული ადამიანის გადასაწყვეტია, მაგრამ ფაქტი, რომ ბალტიისპირეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდნენ საქართველოში ქართველი ხალხის მიმართ სოლიდარობის გამოსახატად, ვფიქრობ, ეს სწორია, რომ ვაჩვენოთ, ევროპა ქართველი ხალხის არჩევანის მხარეს არის“, – უპასუხა კალასმა დეპუტატ ლაური ლაატსის შეკითხვას, რომელიც საკითხით დაინტერესდა. კერძოდ, მან იკითხა: „მარგუს ცაჰკნამ მონაწილეობა მიიღო საქართველოში გამართულ დემონსტრაციაში. წარმოვიდგინოთ ვითარება, რომ სხვა ქვეყნის, მაგალითად, საქართველოს ან ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვიდა ჩვენთან, კაია კალასის მთავრობის საწინააღმდეგო მიტინგზე. როგორი იქნებოდა თქვენი რეაქცია? ასევე მაინტერესებს, ეს შეთანხმებული იყო თუ არა მთავრობასთან?“


