ენმ: ცენტრალურ ოფისზე თავდასხმა განხორიცელდა, რომელშიც ასამდე თავდამსხმელი მონაწილეობდა
01/06/2024 05:54:17 პოლიტიკა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ გვიან ღამით მათ „ცენტრალურ ოფისს თავს დაესხნენ, რაშიც მონაწილეობას ასამდე თავდამსხმელი იღებდა”.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდასხმის შედეგად ოფისის შუშები და ინვენტარი დაზიანდა.
„ივანიშვილის რუსული რეჟიმის ტიტუშკები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისს დაესხნენ თავს. ვანდალური თავდასხმა ნახევარ საათზე მეტხანს გრძელდებოდა, სადაც მონაწილეობას ასამდე თავდამსხმელი იღებდა. დაზიანებულია ოფისის ფასადი, ჩამსხვრეულია შუშები, დაზიანებულია პარტიის ინვენტარი. ეს არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების პასუხი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ საქართველოს ინტერესების დაცვისა და ქართველი ხალხის გვერდით დგომისთვის. ივანიშვილის რეჟიმის პანიკური ქმედებები და მათ მიერ ორგანიზებული ძალადობა, სულ მალე, ქართველი ხალხის ურყევი ნებით, აუცილებლად დასრულდება! საქართველო რუსეთი არასდროს იქნება! ივანიშვილის რეჟიმი აუცილებლად დასრულდება!”, – წერია განცხადებაში.
განახლება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცობით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას.
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან ბეჟაშვილის თქმით, "შსს-მ გამოძიება დაიწყო ცინიკურად, სხვისი ქონების დაზიანების მუხლით".
მისი შეფასებით, ამაში ცხადად ჩანს, რომ "ის არის რეალური მფარველი ბანდიტური ჯგუფებისა, რომელიც ბოლო ორი თვის განმავლობაში ატერორებენ საქართველოს საზოგადოებას".
„მოვუწოდებთ შსს-ს გადაშალოს სსკ-ის 225-ე მუხლი, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება. ფაქტია, რომ სისხლის სამართლის ამ მუხლის მთელი შემადგენლობა არის გამოყენებული წუხანდელ თავდასხმაში“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.


