მედია – უკრაინის საელჩომ სავარაუდოდ, წაშალა განცხადება, რომელშიც ავიაკატასტროფის მიზეზად ტექნიკურ გაუმართავობას ასახელებდა
08/01/2020 10:12:23 მსოფლიო
ირანში უკრაინის საელჩომ სავარაუდოდ, წაშალა განცხადება, რომლის თანახმად, თეირანში უკრაინული თვითმფრინავის ავიაკატასტროფის მიზეზად, წინასწარი ინფორმაციით, ტექნიკურ გაუმართავობას ასახელებდა, –იუწყება ბრიტანული მედია.
„წინასწარი ინფორმაციით, ავიაკატასტროფა ტექნიკურმა გაუმართავობამ გამოიწვია. ტერორისტული აქტი ან სარაკეტო დარტყმა სრულიად გამორიცხულია“, – წერდა საელჩო თავის ოფიციალურ გვერდზე დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
თუმცა, როგორც ბრიტანული მედია იუწყება, მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 10:00 სთ–ზე საელჩოს გვერდზე ეს განცხადება გაქრა. კიდევ უფრო მოგვიანებით, საელჩოს გვერდზე გაჩნდა ახალი განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ავიაკატასტროფის მიზეზებს ოფიციალური კომისია დაადგენს.
მომხდართან დაკავშირებით საელჩო სხვა დეტალებს არ ავრცელებს.
ცნობისთვის: უკრაინული თვითმფრინავი, რომელიც რეისს თეირანიდან კიევის მიმართულებით ასრულებდა, იმამ ხომეინის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ 2 წუთში ჩამოვარდა.
უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების ცნობით, მომხდარს ბორტზე მყოფი 176–ვე (167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი) პირი ემსხვერპლა.
უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებში (UIA - Ukraine International Airlines) განაცხადეს, რომ თვითმფრინავი Boeing 737-800, რომელმაც ირანში ავიაკატასტროფა განიცადა, მათი ერთერთი საუკეთესო თვითმფრინავი იყო და მისი პილოტები ძალიან გამოცდილები იყვნენ.
თეირანის სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელმა ალი აბედზადეჰმა განაცხადა, რომ ავიაკატასტროფის შემდეგ ირანი უკრაინული თვითმფრინავის შავ ყუთს თვითმფრინავის მწარმოებელ Boeing-ს არ გადასცემს. Boeing ამერიკული კომპანიაა.
მისივე თქმით, ჯერ–ჯერობით უცნობია, ირანი ინფორმაციის ანალიზისთვის რომელ ქვეყანას გაუგზავნის შავ ყუთს, – იუწყება Reuters ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით.
იხილეთ ასევე: უკრაინის ავიახაზები იმ ქვეყნებს ასახელებს, რომელთა მოქალაქეებიც ირანში ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ (ვიდეო)


