ესტონეთის ხელისუფლებას ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" წევრთა სანქცირების განაცხადით მიმართეს
04/06/2024 08:46:05 პოლიტიკა
ესტონეთის პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა ერიკ-ნილს კროსსმა ქვეყნის ხელისუფლებას ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისა და მისი პარტიის - "ქართული ოცნების" წევრთა სანქცირების შესახებ განაცხადით მიმართა.
პარლამენტარმა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სხდომაზე 44 დეპუტატის ერთობლივი მიმართვა წარადგინა, რომელიც "საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს" გმობს.
ამასთან, დეპუტატები მიმართავენ მთავრობას თხოვნით, დაბლოკოს ევროკავშირში საქართველოს შემდგომი ინტეგრაციის პროცესი მანამ, სანამ ქვეყანაში "უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ" რუსულად შერაცხული კანონი არ გაუქმდება.
როგორც მიმართვის განმარტებით ბარათშია მითითებული, ევროკავშირმა, ვენეციის კომისიამ, ეუთო-მ და რაც მთავარია, თავად ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ მკაფიოდ განაცხადეს, რომ ხსენებულ კანონს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და სამოქალაქო პოლიტიკური უფლებების შესახებ გაერო-ს პაქტთან შეუსაბამოდ მიიჩნევენ, ვინაიდან იგი არღვევს კანონის უზენაესობის, კანონიერებისა და თანაწონადობის პრინციპებსა და დისკრიმინაციის აკრძალვას.
ესტონეთის პარლამენტმა უკვე მიმართა საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსა და მთავრობას თხოვნით, კანონი დაუყოვნებლივ გაუქმდეს, ასევე მოუწოდა "ოცნების" ხელისუფლებას, საპროტესტო აქციების მონაწილეთა, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა შეწყვიტოს და ჩაატაროს ობიექტური გამოძიება ყველა იმ პირის მიმართ, ვისაც კავშირი ჰქონდა ძალადობრივ აქტებთან.
"სანამ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი არ დაიწყებენ კრიზისის დაძლევას სამოქალაქო უფლებებისა და კანონის უზენაესობის პრინციპის დამცველი მიდგომით, არ დაუბრუნდებიან ევროკავშირთან შეთანხმებულ რეფორმებისა და დემოკრატიზაციის პროცესს და არ გააუქმებენ "უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ" კანონს, ესტონეთის რიიგიკოგუ [პარლამენტი - რედ.] აუცილებლად თვლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომი პროცესის დაბლოკვას" - ნათქვამია განცხადების პროექტში.
გარდა ამისა, ესტონელი დეპუტატები აუცილებლად მიიჩნევენ სამთავრობო სანქციების დაწესებას, მათ შორის ქვეყანაში შესვლის აკრძალვას ბიძინა ივანიშვილისთვის, საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და მმართველი პარტია "ქართული ოცნების" წარმომადგენლებისათვის, ასევე იმ ძალოვანებისთვის, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მომიტინგეთა მიმათ ძალადობაზე.
განცხადების პროექტში მხარდაჭერილია უვიზო რეჟიმის შეჩერებაც მანამ, სანამ "რუსული კანონი" არ გაუქმდება.
"რიიგიკოგუ ღრმა პატივისცემას გამოხატავს მამაცი ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც მედგრად იცავს საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს" - ნათქვამია განცხადების პროექტში.
ცნობისთვის: საქართველოს ყველა დასავლელი პარტნიორის, საერთაშორისო ორგანიზაციბის, ასევე ვენეციის კომისიის მოწოდებებისა და 15 აპრილიდან მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო აქციების მიუხედავად, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 3 ივნისს "რუსულ კანონს" ხელი მოაწერა. იგი იმავე დღეს შევიდა ძალაში.


