კობახიძე – "აგენტების კანონზე": არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელს პერსპექტივა არ აქვს
04/06/2024 09:20:47 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, "აგენტების კანონის" წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელს პერსპექტივა არ აქვს.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, "ვერ წარმოადგენენ ვერანაირ არგუმენტებს, რომ გამჭვირვალობა ცუდია".
„პერსპექტივა ვერ ექნება ასეთ სარჩელს. შეუძლებელია, სამართლებრივად დაამტკიცო, რომ გამჭვირვალობა ცუდია. აქედან გამომდინარე, ყველას აქვს თავისი საქმე, მაგრამ ბოლომდე იქნება დაცული ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები. პარლამენტი სათანადოდ დაიცავს სახელმწიფოს ინტერესებს და წარადგენს ყველა არგუმენტს, თუ რატომ არის გამჭვირვალობა კარგი ჩვენი ქვეყნისთვის. უბრალოდ შეუძლებელია სამართლებრივად თუ არასამართლებრივად, რომ „ენჯეოების“ გამჭვირვალობა არის ცუდი, ვერ წარმოადგენენ ვერანაირ არგუმენტს, აქედან გამომდინარე ასეთ სარჩელს ვერანაირი პერსპექტივა ვერ ექნება“, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, „გამჭვირვალობის კანონის ამოქმედებას წინ ვერაფერი დაუდგება".
როგორც მან აღნიშნა, კანონი შეიცავს ბერკეტებს, რომლითაც სახელმწიფოს შეუძლია დაძლიოს ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი ორგანიზაციის დაუმორჩილებლობა.
„ამ კანონის ძალაში შესვლა არ არის ხელისუფლების გამარჯვება, ეს არ არის არც კანონის ოპონენტების მარცხი და მით უმეტეს, არ არის პარტნიორების დამარცხება. ერთადერთი, ვინც გაიმარჯვა, ეს არის ქართული სახელმწიფო, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. ერთადერთი, ვინც დამარცხდა, ამ კანონის ძალაში შესვლით, ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები არიან. როდესაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, ამით მხოლოდ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნე დამარცხდება. ვის უნდა სიკეთე ჩვენი ქვეყნისთვის და ვის არ უნდა, საზოგადოებამ ბევრი რამე იცის, აქედან გამომდინარემ თავად გამოიტანს დასკვნას“, - განაცხადა კობახიძემ.
ამავე თემაზე: არასამთავრობო ორგანიზაციები "აგენტების კანონის" ირგვლივ საკონსტიტუციო სასამართლოში დავას იწყებენ.


