"ოცნებამ" კონგრესში MEGOBARI Act-ის განხილვის პროცესს "დაკითხვა", ხოლო ქართველ მომხსენებლებს "სერგო ორჯონიკიძეები" უწოდა
05/06/2024 08:11:45 პოლიტიკა
"ქართულ ოცნებაში" კონგრესში MEGOBARI Act-ის განხილვას "დაკითხვას" უწოდებენ, ხოლო ქართველ მომხსენებლებს – ნატალი საბანაძესა და ვანო ჩხიკვაძეს – "მოღალატეებს".
„ამაზე დიდი სირცხვილი რა შეიძლება ადამიანს შეეყაროს, არ ვიცი. ჩვენ ასეთი შემთხვევები ვიცით ისტორიიდან და მაშინ ჩუმად ჩადიოდნენ სხვა გავლენიანი ქვეყნების დედაქალაქებში, სახეს იმალავდნენ, ღამით გადაადგილდებოდნენ, ჩუმად ჩაიპარებოდნენ, რომ რამენაირად საკუთარი ქვეყანა დაებეზღებინათ სხვა ქვეყნის მმართველებთან და მიეღოთ მხარდაჭერა იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყნის წინაშე გაელაშქრათ. დღეს, 21-ე საუკუნეში, ეს ყველაფერი, ვხედავთ, რომ ღია ეთერში ხდება და ეს, რა თქმა უნდა, დარჩება ისტორიაში, როგორც უდიდესი ღალატის შემთხვევა. სერგო ორჯონიკიძეებს - ამ ხალხს ჩვენ ადრეც ვეძახდით, მაგრამ დღეს პირდაპირ დაგვანახეს ამით, რომ მათი სრული ბუნება არის სერგო ორჯონიკიძის - როგორც ის შემოუძღვა მეთერთმეტე არმიას საქართველოში, ასე უნდათ, შემოუძღვნენ საქართველოში სანქციებს თუ რაღაც დასჯებს და ამისთვის ჩადიან სხვა ქვეყნის დედაქალაქში, რომ საკუთარი ქვეყანა დააბეზღონ, მოითხოვონ საკუთარი ოპონენტების შვილების დასჯა. ალბათ, ისტორიაში რომ ვკითხულობდით, მაშინ გვახსოვს, რა ემოციები გვქონდა იმ შემთხვევებზე, რომლებიც საუკუნეების წინ მოხდა და ეს ხდება დღეს, ჩვენს თვალწინ, პირდაპირ ეთერში - ორი ადამიანი, რომელიც ღალატობს საკუთარ ქვეყანას“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მსგავსი განცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც.
„გუშინ რაც ვიხილეთ ჩვენ კონგრესში, ეს იყო ჩვეულებრივი ღალატი პირდაპირ ვიტყოდი ამას. გუშინ ვანო და ნატალია, სერგო ორჯონიკიძეები საუბრობდნენ საქართველოსთან დაკავშირებით, ეს იყო ჩვეულებრივი ღალატი, ეს იყო ჩვეულებრივი ბოლშევიკური ღალატი, ამას სხვა სახელი უბრალოდ არ შეიძლება, დაერქვას. რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის: ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მსჯელობაში, რომელიც საქართველოში არსებულ ვითარებას შეეხებოდა, მონაწილეობა ფონდ "ღია საზოგადოების" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა ივანე ჩხიკვაძემ და საქართველოს ყოფილმა ელჩი ევროკავშირში ნატალია საბანაძემ მიიღეს.
ამავე თემაზე: რა თქვეს ივანე ჩხიკვაძემ და ნატალია საბანაძემ კონგრესში 4 ივნისს


