ხიდაშელი: როგორც ამ ქვეყნის ყოფილი თავდაცვის მინისტრი 100%–იან გარანტიას გაძლევთ, საქართველოს ჯარი უბრალოდ აღარ ეყოლება, თუ ამერიკული პროგრამები გაჩერდება!
06/06/2024 16:24:04 პოლიტიკა
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ აშშ–სთან ურთიერთობების „გადახედვა“–„გადატვირთვაზე“ გაკეთებული განცხადებების შეფასებებისას თავდაცვის ყოფილი მინისტრი, „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ამჟამინდელი პრემიერ–მინისტრი მსგავსი ტერმინის გამოყენებით საუბრობს ურთიერთობების პრაქტიკულად გაწყვეტაზე, რომელიც მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გულისხმობს თანამშრომლობას, მაგალითად ტერორიზმის სფეროში.
ხიდაშელი აშშ–ის სამხედრო დახმარების ორ კომპონენტზე ამახვილებს ყურადღებას:
- თუ აშშ–მა სამხედრო დახმარება გაგვიჩერა, საქართველოს შეიარაღებული ძალები „ვეღარ მიიღებს ვერც აღჭურვილობას, რომლის მოწოდებასაც ჩვენთვის მხოლოდ ამერიკული მხარე ახდენდა (ყოველ შემთხვევაში, ამ დრომდე) – მხოლოდ მათი საჩუქრების ხარჯზე გავდიოდით“;
- ვეღარ შეძლებს იმ ტიპის წვრთნების მიღებას, „რომელიც ქვეყნის ტერიტორიული თავდაცვისთვის არის აბსოლუტურად აუცილებელი“.
„გარწმუნებთ, მე, როგორც ამ ქვეყნის ყოფილი თავდაცვის მინისტრი 100%–იან გარანტიას გაძლევთ, საქართველოს ჯარი [თავდაცვისუნარიანი – რედ.] უბრალოდ აღარ ეყოლება, თუ ამერიკული პროგრამები გაჩერდება! ეს არა იმიტომ, რომ ამერიკიდან მიღებული ფინანსური რესურსი აღემატება საბიუჯეტო რესურსს – რა თქმა უნდა, არა, ბიუჯეტიდან მეტ ფულს იღებს ქართული არმია, მაგრამ ამ დახმარებით იღებს იმ ტიპის დახმარებას, რომელსაც საერთოდ ვეღარ მიიღებს – შეიარაღების ტიპებს და წვრთნების კატეგორიებს ვგულისხმობ, რომელიც ჩვენ გვაქვს. თუ ამერიკამ დაგვიკეტა ეს სივრცე, ემბარგო დაადო იარაღის შესყიდვას, მით უმეტეს, ჩუქებას საქართველოსთვის, ჩვენი თავდაცვისუნარიანობა განულდება“,– ამბობს ხიდაშელი.
სწორედ ამიტომ, მისი თქმით, ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე ძალიან სერიოზულად უნდა დაფიქრდეს ხელისუფლების წარმომადგენლების „განცხადებების მავნებლობაზე“ და ამის გააზრებით მივიდეს 26 ოქტომბერს არჩევნებზე.
იხილეთ ასევე: კობახიძე ამტკიცებს, რომ თავდაცვის კუთხით ამერიკული დახმარების შემცირება "თანაბრად" დააზიანებს აშშ–ს და ოკუპირებულ ქვეყანას
მნიშვნელოვანი: მოხსენებაში, რომლითაც პრემიერ-მინისტრი პარლამენტის წინაშე 28 ივნისს უნდა წარდგეს, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან საქართველოს დახმარების არაერთი ფაქტია აღრიცხული განსხვავებით რიტორიკისგან, რომელსაც მმართველი გუნდი აქტიურად იყენებს განსაკუთრებით, "აგენტების კანონის" ინიციირების შემდეგ. ანგარიში მოიცავს 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდს.
კერძოდ, ანგარიშში თავდაცვის ნაწილში აღნიშნულია, რომ აშშ-ის ხაზით, 2023-2024 წლებში გაგრძელდა საქართველოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერების ინიციატივის (GDDEI) იმპლემენტაცია და „აქტიურად მიმდინარეობდა შეიარაღების/აღჭურვილობის მოდერნიზაციის პროცესი“.
2023 წელს, საქართველომ აშშ-სგან მიიღო:
- საგარეო სამხედრო დაფინანსების ფარგლებში (FMF) - 35 მილიონი დოლარი;აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის 333-ე პარაგრაფის ფარგლებში - 37 მილიონი დოლარი.
- 2024 წლის სავარაუდო გეგმაა, ჯამში, კიდევ 55 მილიონი დოლარის მიღება.
- „მნიშვნელოვანია აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი (NDAA), რომელიც 2024 წლისთვის აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკასა და ბიუჯეტის პრიორიტეტებს განსაზღვრავს;
- მასში დაფიქსირებულია უმნიშვნელოვანესი ჩანაწერები როგორც საქართველოს ეროვნული ინტერესების, ასევე რეგიონული უსაფრთხოების მხარდაჭერის კუთხით“, - წერია ტექსტში.


