სახდეპი: ჯერ კიდევ არის დრო შემობრუნებისთვის, ჩვენი პოლიტიკა დამოკიდებული იქნება პოლიტიკაზე, რომელსაც საქართველო აირჩევს
06/06/2024 18:52:49 პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა სანქციების პირველი პაკეტის გამოცხადების შემდეგ, რომელიც სავიზო შეზღუდვებს გულისხმობს, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს "ჩვენი ქმედებების სერიაში მხოლოდ პირველი ნაბიჯია".
მისი თქმით, ჯერ კიდევ არის დრო შემობრუნებისთვის, "ჩვენი პოლიტიკა დამოკიდებული იქნება პოლიტიკაზე, რომელსაც საქართველო აირჩევს".
ამასთან, მან გაიმეორა, რომ აშშ-ის ქმედებები არა მხოლოდ სანქციებს ეხება, არამედ აშშ მზად არის საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვისთვის.
"საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ აქვს დრო, რომ შეაბრუნოს ის ტრაექტორია, რომელზეც იმყოფება. ეს არა მხოლოდ ამ კანონს ეხება, რომელიც ახლა მიიღეს, ეს ასევე ეხება იმას, თუ როგორ არბევდნენ განსხვავებულ აზრს, ეს ეხება განცხადებებს, რომლებიც მათმა ლიდერებმა გააკეთეს, რომლებითაც უარს ამბობენ გზაზე, რომელზეც საქართველო ამდენი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა. ასე რომ ჯერ კიდევ არის დრო შემობრუნებისთვის, და ჩვენი პოლიტიკა დამოკიდებული იქნება პოლიტიკაზე, რომელსაც საქართველო აირჩევს”, - აღნიშნა მილერმა.
მას არ დაუსახელებია სანქცირებულთა სახელები და გვარები, "სავიზო მონაცემები კანონით კონფიდენციალურიაო", თუმცა განმარტა, "ისეთი ხალხი გამოვიძიეთ, ვინც ქმედებები განახორციელა დეზინფორმაციის გასავრცელებლად, ვინც ქმედებები განახორციელა დემოკრატიისთვის ძირის გამოსათხრელად, მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობის გამოყენებით თავდასხმისთვის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დასაშინებლად".
"როგორც ვთქვი, ეს ჩვენი ქმედებების სერიაში მხოლოდ პირველი ნაბიჯია. და უნდა აღვნიშნო, რომ ქმედებები, რომლებიც მზად ვართ, რომ განვახორციელოთ, არა მხოლოდ ამ ახალ სანქციებს ეხება, რომლებიც შემოგვაქვს. ჩვენ ასევე ვთქვით, რომ მზად ვართ საქართველოს მთავრობასთან ჩვენი ურთიერთობების სრული გადახედვა განვახორციელოთ",– თქვა მილერმა.
როგორც ცნობილია, საუბარია 20–დან 30–მდე ადამიანზე.


