Accentnews.ge
ოპოზიციის რეაქცია – აშშ–ის სანქციებზე: სანქცირებული ხელისუფლების პირობებში ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმი სუვერენიტეტის თაობაზე

ოპოზიციის რეაქცია – აშშ–ის სანქციებზე: სანქცირებული ხელისუფლების პირობებში ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმი სუვერენიტეტის თაობაზე

07/06/2024 09:04:02 პოლიტიკა

ოპოზიციაში ეხმიანებიან აშშ–ის მიერ „ქართული ოცნების” და პარლამენტის წევრებისთვის, ასევე ძალოვანებისა და კერძო პირებისთვის სანქციების დაწესების ფაქტს.

"დღეს ჩვენ ვართ იმ ვითარებაში, როდესაც დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის პირობებში პირველად, ჩვენ გვეყოლება ხელისუფლება, რომელიც არის სანქცირებული ჩვენი მთავარი სტრატეგიული მოკავშირის მიერ. ეს ნიშნავს იმას, რომ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან არასასურველი პირები და პარტნიორები ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. რას ნიშნავს ეს საქართველოს მოქალაქისთვის? ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან გაუჭირდება ჩვენს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირეს ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მისცეს ქართველ ხალხს და ჩვენს ქვეყანას ის მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ვიმსახურებთ და რომლის გაცემაც სურს ამერიკის შეერთებულ შტატებს.

რას ნიშნავს სანქცირებული მთავრობა საქართველოს მოქალაქეებისთვის? ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი ინვესტორი არა თუ აღარ შემოვა ჩვენს ქვეყანაში, არამედ ვინც უკვე შემოსულია, იფიქრებს, როგორ სწრაფად უნდა დატოვოს ჩვენი სახელმწიფო და ეს ნიშნავს ეკონომიკის განადგურებას და ნიშნავს კიდევ უფრო მეტ სიღარიბეს. სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სანქცირებული რუსული რეჟიმის შეცვლაზე ოქტომბრის არჩევნებზე გადის ჩვენი ქვეყნის მომავლის ბედი.

თუ ეს არჩევნები დღემდე იყო რეფერენდუმი საქართველოს ევროპულ მომავალს და რუსეთს შორის რა არჩევანს გააკეთებდა ქართველი ხალხი, გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას, რომ სანქცირებული ხელისუფლების პირობებში, ეს არჩევნები არის რეფერენდუმი საქართველოს სუვერენიტეტის თაობაზე ანუ გვინდა თუ არა, რომ შევინარჩუნოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო, იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი მოკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების გვერდში დგომის გარეშე, საქართველო უბრალოდ ვერ გადარჩება როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო.

ამიტომ, მე მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, კიდევ ერთხელ გააცნობიეროს, რა მდგომარეობაში აღმოვჩნდით ჩვენ და რა არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი უახლოეს საპარლამენტო არჩევნებზე- არჩევანი ქართული სახელმწიფოს მომავლის და მისი არსებობის თაობაზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას კარგად გააცნობიერებს ჩვენი ხალხის დიდი უმრავლესობა და ჩვენ ოქტომბერში დავაბრუნებთ ჩვენს ქვეყანას სწორედ იმ გზაზე, რომელიც მრავალი წლის წინ ავირჩიეთ და ეს გზა არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, რომელიც იქნება ევროკავშირის და ნატო-ს წევრი ქვეყანა და დაცული ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების მიერ,“- განაცხადა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ "სანქციები ქართველი ხალხის მხარდაჭერის გამოხატულებაა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან დემოკრატიის და ქვეყნის ევროპულ ოჯახში გაწევრიანების გზაზე".

"მიუხედავად თვენახევრიანი დიალოგისა ეს კიდევ ერთი მცდელობაა, რომ ქვეყანა კონსტიტუციურ სივრცეში დააბრუნონ. სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან აქცენტი კონსტიტუციიდან გასვლაზე სწორედ ამას გულისხმობს. შესაბამისად, სანქციების მეშვეობით იზრდება ქართველი ხალხის მხარდაჭერა, რათა ჩვენ დავრჩეთ დემოკრატიულ და ევროპული კურსის სადარაჯოზე. ეს არის დამატებითი გზავნილი “ქართული ოცნებისთვის”, რომ ქვეყანა ბოლომდე ავტორიტარიზმისკენ არ წაიყვანოს. ასევე გაფრთხილება, რომ თუ “ოცნება” კიდევ გააგრძელებს ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობას, მოჰყვება დამატებითი სანქციები, რაც ქვეყანაში საკმაოდ დიდი არასტაბილურობის შემქმნელი პროცესია ქვეყანაში, რომლის 20% ოკუპირებულია და ქვეყანაში, რომლის ცივილიზაციური არჩევანი ევროპაა. ამაზე პასუხისმგებლობა “ქართულ ოცნებას” ეკისრება”, - აღნიშნა აქუბარდიამ.

"დღეს ხელისუფლებას უფრო მეტი კავშირის აქვს ნიკარაგუასთან და მალისთან, ვიდრე ლონდონთან და პარიზთან", – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივნის მოადგილემ, ალექსანდრე კრევო-ასათიანმა სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა.

"საქართველო დღეს არის ერთადერთი დასანქცირებული ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში. საქართველო დღეს არის ერთადერთი ევროპული ქვეყანა დასანქცირებული პოლიტ-ლიდერებით. დღეს, ჩვენს ხელისუფლებას უფრო მეტი კავშირის აქვს ნიკარაგუასთან და მალისთან, ვიდრე ლონდონთან და პარიზთან. არ ყოფილა ისტორიაში შემთხვევა, რომ აშშ-ს გაეუქმებინა სანქცია. არც იქნება ეგეთი შემთხვევა. სანქცია მხოლოდ იზრდება. იწყება სავიზო შეზღუდვებით, იზრდება ფინანსური მექანიზმებით, ვრცელდება მერე ევროპაშიც, და მერე უკვე გაეროს შავ სიაშიც შეიძლება მოხვდეს ნებისმიერი დასანქცირებული ორგანიზაცია. ამან არ უნდა გაგვახაროს. დღეს არის ტრაგიკული დღე საქართველოსთვის. ჩვენი ვალდებულება იყო, რომ აგვეშენებინა თავისუფალი სახელმწიფო უკეთესი მომავლისთვის, თუმცა ამის ნაცვლად, ისტორიაში ეს პერიოდი დარჩება “საქართველოს დასანქცირების ეპოქის” პერიოდად. ევროპის ნაცვლად, საქართველო დასანქცირებულ ქვეყნების სიას შეუერთდა. დღეს, საქართველო არ არის არც წმინდა ნინოს ქვეყანა, არც ბაგრატის ტაძრის, არც ღვინოს და სუფრის, არც მთის და ზღვის. დღეს, საქართველო არის დასანქცირებული პოლიტიკოსების ქვეყანა. მიტაცებული ქვეყანა. ამ რთულ დროს, არ შემიძლია მწუხარება არ გამოვთქვა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მხოლოდ ახლა ხვდებიან თუ რამხელა შეცდომა დაუშვეს. მახსენდება „ქართული ოცნების“ დეპუტატების ოჯახების წევრები, რომ ეხვეწებოდნენ, ხმა არ მისცეთ ამ კანონსო. თვითონ არიან ახლა ამ რუსული კანონის პირველი მსხვერპლები.

დღეს, საქართველო არის სანქციების ქვეყანა. თუმცა, ქართველი ერის სული ცხოვრობს ქართველ ხალხში. ჩვენ ვაგრძელებთ და ვაცოცხლებთ იმ ღირებულებებს, რამაც დღემდე მოგვიყვანა. ვაგრძელებთ თავისუფლებისთვის ბრძოლას, ქართველ ხალხს კი მარტივი არჩევანი აქვს. არჩევნებზე ხმის მიცემა „ქართულ ოცნებისთვის“ ნიშნავს ხმას, ტოტალურ იზოლაციისთვის, ტოტალურ ჩაკეტვისთვის, და ეროვნული რეპუტაციის განადგურებისთვის. ვინც ამ მოვლენებს უყურებს ვნებათაღელვით, მინდა გითხრათ, ვიცი რომ დაღლილი ხართ, ბევრს ეგონა, რომ 1989 ან 1991 წლის შემდეგ, ბრძოლა აღარ იქნებოდა საჭირო. თუმცა, იმედით უნდა ვუყუროთ დღევანდელ დღეს, რადგან ლიპარიტ ბაღვაშის მერე მოვიდა დავით აღმაშენებელი, მონღოლების მერე, გიორგი ბრწყინვალე მოვიდა, საბჭოთა ოკუპაციის მერე-დამოუკიდებლობა, შევარდნაძის მმართველობის შემდეგ იყო ვარდების რევოლუცია და ბიძინას მერე მოდის თავისუფლება”, - განაცხადა ალექსანდრე კრევო-ასათიანმა.

პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრი მიხეილ დაუშვილი აცხადებს, რომ "მიუხედავად იმისა, რომ ეს სანქციები პერსონალურია, ყველა ვზიანდებით":

“ყოველთვის ვამბობდით, რომ პასუხისმგებლობა პერსონალიზირებული იქნებოდა. რეალობაც ეს არის, დღეს ადამიანები, ვინც ჩვენს ქვეყანას აზიანებს და უდიდეს რისკებს უქმნის, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მეგობრისგან არიან დასანქცირებული. ასევე უნდა გვესმოდეს, რომ ეს სანქციები მიუხედავად იმისა, რომ წერტილოვანი და პერსონალურია, საბოლოო ჯამში, თავისი გადაცემის ეფექტი აქვს, რითაც ჩვენ ყველა ვზიანდებით. რეალობა არის ის, რომ კონკრეტული ადამიანები, ვინც დღეს “ოცნების” მესვეურები არიან, ამოფარებული არიან სახელმწიფოს და ფაქტობრივად თავიანთ ქონებას, თავს და კორუფციით თუ სხვა გზით მოპოვებულ ქონებას ჩვენი სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე იცავენ, რაც კატეგორიულად მიუღებელია. მათთვის ამის უფლება არავის მიუცია, ამიტომ ჯერ კიდევ არსებობს დრო და შესაძლებლობა, რომ ეს ადამიანები გონს მოეგონ და თავი დაანებონ ამ ქვეყნის დაზიანებას. ეს ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია. უნდა გვესმოდეს, რომ სხვაგვარად, სამწუხაროდ, ეს პროცესი ვერ გაჩერდება. დღეს მთავარი პასუხისმგებლობა “ოცნებაზე” და “ოცნების” მესვეურებზეა, რომ გონს მოეგონ და მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომ ეს ქვეყანა აღარ დააზიანონ”, - აღნიშნა ‘მიხეილ დაუშვილმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ სამოგზაურო ვიზის გაუქმება მხოლოდ დასაწყისია და წინ სხვა ქმედებებიც იქნება:

"მოდი, დაველოდოთ მოვლენებს, ადრე ამბობდნენ, „სამართალი ურმით დადისო, მაგრამ ყველასთან მივაო“, ახლა მეილებით დადის სანქციები, ყველას მიუვა აუცილებლად და ამ ყველაფერს საკუთარ ტყავზე იგრძნობენ. რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, ქვეყნისთვის კარგი არ არის. სანქცირებულ მთავრობას არავინ დაელაპარაკება, ხელს არ ჩამოართმევს... მე მაგალითად, ვამბობ, რომ ეს რეჟიმი ხალხს სიკეთეს ვერ მოუტანს და მისი დროული ჩამოშორებაა აუცილებელი. ვინც თავისუფალ სამყაროსთან ამერიკის შეერთებულ შტატებს მტრად აცხადებს, ასეთი ქვეყნები არიან ირანი, სირია, ჩრდილოეთ კორეა და ამ გზას გაუდგა სამწუხაროდ [საქართველო]".

ცნობისთვის: სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში "აგენტების კანონის" მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა.

სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს. ის შეეხება „ქართული ოცნების” და პარლამენტის წევრებს, ძალოვანებს და კერძო პირებს.

საუბარია 20–დან 30–მდე ადამიანზე. მათი სახელები და გვარები ჯერ არ დაკონკრეტებულა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S