"ოცნების" დეპუტატი: ადრე თუ გვიან, აშშ–სთან ურთიერთობების ნორმალიზება აუცილებლად მოხდება
07/06/2024 10:17:03 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ დეპუტატი გიორგი კახიანი საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე პასუხისმგებელი პირებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას "არასწორ გადაწყვეტილებას" უწოდებს.
მისი თქმით, უმრავლესობაში სანქციების შესახებ შეტყობინებები არავის მიუღია და „ალბათ, ასეთი ფორმა არც არსებობს“.
ამავდროულად, ის აშშ–სთან ურთიერთობების ნორმალიზების აუცილებლობაზე საუბრობს:
„არ იყო ეს სწორი გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ, რომ ამ ვითარებაში უნდა გადადგმულიყო ისეთ ნაბიჯები, რომელიც მდგომარეობის ნორმალიზებას მოახდენდა, იმიტომ, რომ ეს არის როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე ამერიკული მხარის ინტერესში. ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები და ბუნებრივია, ურთიერთობების ნორმალიზება და კიდევ უფრო გაღრმავება ორივე მხარის ინტერესში უნდა იყოს. ამავდროულად, ვფიქრობ, რომ უსამართლო გადაწყვეტილება იყო, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში საქართველომ ერთგულების და ნდობის მეტი, მე მგონი, არაფერი დაიმსახურა. მე მაინც მგონია, რომ ადრე თუ გვიან, ამ პროცესის ნორმალიზება აუცილებლად მოხდება. ეს არის ორივე მხარის ინტერესში, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი მოქმედებები უბრალოდ, ახანგრძლივებს ამ დროს",– თქვა დეპუტატმა "ქართული ოცნებიდან".
მისთვის გაუგებარია, რა პრინციპით შეირჩნენ პირები სანქცირებისთვის:
"მაშინ როდესაც „გამჭვირვალობის“ კანონის მიღების გამო მოხდა პარლამენტის წევრების დასანქცირება, უბრალოდ გაუგებარია, პარლამენტის ერთი წარმომადგენელი თუ მოხვდა ამ სიაში, მაშინ რატომ არ უნდა ყოფილიყო დარჩენილი 83? იმიტომ, რომ ყველა ერთნაირად უჭერდა ამ კანონს მხარს და მით უმეტეს, საზოგადოების უდიდესი ნაწილი უჭერს მხარს ამ კანონის მიღებას“.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ინდივიდუალურ სანქციები – სავიზო აკრძალვები დაუწესა „ქართული ოცნების“ და პარლამენტის წევრებს, ასევე სამართალდამცველებს და სხვა კერძო პირებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა სანქციების პირველი პაკეტის გამოცხადების შემდეგ, რომელიც სავიზო შეზღუდვებს გულისხმობს, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს "ჩვენი ქმედებების სერიაში მხოლოდ პირველი ნაბიჯია".
მისი თქმით, ჯერ კიდევ არის დრო შემობრუნებისთვის, "ჩვენი პოლიტიკა დამოკიდებული იქნება პოლიტიკაზე, რომელსაც საქართველო აირჩევს".
საქართველოს პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა "აგენტების კანონი" მიუხედავად მასშტაბური პროტესტისა ადგილობრივ დონეზე და არაერთი გაფრთხილებისა პარტნიორების მხრიდან შედეგების თაობაზე.
ქვეყანაში პროტესტი გრძელდება. კანონის სამიზნე ორგანიზაციები არ აპირებენ, დაემორჩილონ კანონს და სამართლებრივ გზებს მიმართავენ.


