უკრაინამ და მოლდოვამ ევროკომისიისგან ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის საბოლოო რეკომენდაცია მიიღეს
07/06/2024 11:32:32 პოლიტიკა
ევროკომისიამ ევროკავშირის საბჭოს უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირის წევრობის საკითხზე მოლაპარაკებების გახსნის რეკომენდაცია მისცა. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა ანა პიზონერომ განაცხადა.
"წევრ ქვეყნებს განახლებული ინფორმაცია წარვუდგინეთ იმის შესახებ, რომ უკრაინამ და მოლდოვამ ყველა პირობა შეასრულეს და ახლა გადაწყვეტილება მათ ხელშია", - განმარტა პიზონერომ.
მისივე თქმით, "უკრაიანასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების გახსნის პუნქტი ევროკავშირის ქვეყნების ელჩების შსეხვედრის დღის წესრიგში უკვე შეტანილია და ამით საკითხი დაიხურა".
უკრაინისთვის წევრობის საკითხზე მოლაპარაკებების გასახსნელად აუცილებელ პირობებს ანტიკორუფციული რეფორმები, პოლიტიკური ლობირების შეზღუდვა, ჩინოსნებისთვის აქტივების დეკლალირების წესები და ეროვნული უმცირესობების ენების დაცვა წარმოადგენდა.
პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა მადლობა გადაუხადა ევროკომისიას ქვეყნის ევროინტეგრაციის კუთხით მიღწეული პროგრესის დაფასების გამო.
"გამოქვეყნებულ დასკვნაში ევროკომისია აცხადებს, რომ უკრაინა აგრძელებს სისტემურ ძალისხმევას ევროკავშირთან მისაერთებლად და ოთხივე დამატებითი ნაბიჯი გადადგა რეფორმების კუთხით. ახლა ველით ევროპელი პარტნიორებისგან შემდეგ ნაბიჯს - უკვე მიმდინარე თვეში წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნას", - განაცხადა შმიგალმა.
გავლენიანი გამოცემა FT დღეს დილით წერდა, რომ ევროკომისიას გადაწყვეტილი აქვს, ევროკავშირის წევრობის საკითხზე საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია არ გასცეს. მიზეზი ქვეყნის ხელისუფლების მიერ "უცხოეთის გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ" კანონის მიღებაა.


