Accentnews.ge
ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონპროექტი ოფიციალურად დააინიცირეს

ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონპროექტი ოფიციალურად დააინიცირეს

10/06/2024 11:36:30 პოლიტიკა

ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონპროექტი ოფიციალურად დააინიცირეს. დოკუმენტი მოიცავს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ ახალ კანონპროექტსა და დამატებით 18 მოქმედ კანონში ცვლილების შეტანას.

4 ივნისს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიას გააცნო 19 კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტის ძირითადი ასპექტები:

1. ქორწინების საკითხი. დაუშვებელი იქნება ქორწინების ალტერნატიული კავშირის რეგისტრირება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით ქორწინებით დადგენილ პირობას ეწინააღმდეგება - არ იქნება კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის.

2. შვილად აყვანის საკითხები. დაუშვებელი იქნება იმ ადამიანების მიერ შვილის აყვანა, რომელიც თავის თავს განსხვავებული სქესს მიაკუთვნებენ ან არ არიან ჰეტეროსექსუალი ადამიანები.

3. სქესის შეცვლის ოპერაცია. აიკრძალება სქესის შეცვლის მიზნით ქირურგიული ოპერაციის ჩატარება, ან სხვა სახის მანიპულაციის გამოყენება.

4. სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტებში სქესის მითითების საკითხი. აკრძალული იქნება პირადობის დამადასტურებელ ან სახელმწიფოს მიერ გაცემულ სხვა სახის დოკუმენტში ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება

5. „პროპაგანდის აკრძალვა“ განათლების სექტორში. დაუშვებელი იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებაში ლგბტ პროპაგანდის წარმოება, კერძოდ, ისეთი ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.

6. ინფორმაციის გავრცელება. დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ თავისი ეთერით ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. ეს აკრძალვა მოქმედებს მხოლოდ იმ ფარგლებში, რომ არ იქნეს დაშვებული ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ინტიმური ურთიერთობების ამსახველი სცენის ან ინცესტის სცენის მაუწყებლის ეთერით გავრცელება. ასევე აკრძალული იქნება იმავე შინაარსის რეკლამა.

7. შეკრება და მანიფესტაცია. დაუშვებელი იქნება საჯარო შეკრება ან მანიფესტაცია, რომელიც მიმართული არის ადამიანის თავისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.

8. შრომითი ურთიერთობები, როგორც კერძო ისე საჯარო დაწესებულებებში. ბათილი იქნება შრომითი ურთიერთობის ფარგლებში დაკისრებული ისეთი ვალდებულება, რომელიც მიმართულია ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფისკენ.

როგორც პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვს, ამიტომ, მოქმედი პარლამენტი დაამტკიცებს ახალ კანონსა და მისგან გამომდინარე ცვლილებებს, რისთვისაც ჩვეულებრივი უმრავლესობა საკმარისია. ლგბტ უფლებების შემზღუდავ კანონპროექტს საგაზაფხულო სესიის ბოლომდე [სრულდება 28 ივნისს] პირველი მოსმენით უყრიან კენჭს, ხოლო საშემოდგომო სესიაზე [იხსნება 3 სექტემბერს] მეორე და მესამე მოსმენით გეგმავენ მის დამტკიცებას.

რეგლამენტის თანახმად, საპარლამენტო არჩევნების წელს „არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში, როგორც წესი, პარლამენტის პლენარული სხდომები არ იმართება“. საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.

კონსტიტუციური კანონის მისაღებად პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეოთხედის (113 დეპუტატის) მხარდაჭერაა საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ ცვლილებას ორი მესამედით (100 ხმით) დაამტკიცებენ, ის მხოლოდ მაშინ ჩაითვლება მიღებულად, თუკი მომდევნო მოწვევის პარლამენტში ამავე რაოდენობის დეპუტატები მხარდაჭერას კიდევ ერთი კენჭისყრით დაადასტურებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S