"ნუ ამბობთ ეგრე, რომ "შალვა პაპუაშვილმა გამოაქვეყნა" – ვოლსკი ბერძენიშვილზე თავდასხმას ოპონენტებს უკავშირებს
11/06/2024 08:32:42 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" დეპუტატი გია ვოლსკი აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმას კვლავ ოპონენტებს უკავშირებს და გამორიცხავს, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის პასუხისმგებლობას.
"ნუ ამბობთ ეგრე, რომ შალვა პაპუაშვილმა გამოაქვეყნა ["პოსტი"] და ამით ვიღაცას რაღაცაზე მიუთითა - ძალადობა წარმოშობს ძალადობას და ძალადობის წყარო არის იმ ადამიანთა ჯგუფი, რომელშიც გაერთიანებულია, მათ შორის, ზუკა ბერძენიშვილი", - ამტკიცებს ვოლსკი და განაგრძობს, „ეს [ზუკა ბერძენიშვილი] კიდევ მეორე მეათეხარისხოვანი მონაწილეა ამ სტრატეგიის. ეს არის კარგად დაგეგმილი, შეიძლება არც იცის თავად ზუკამ, ან ნებისმიერმა სხვამ, ვინც ამაშია ჩართული. ასეთი უწმაწური გინება და ადამიანებზე ასეთი ფსიქოლოგიური ზეწოლა, როგორც ამ ჯგუფს აქვს დაგეგმილი და განხორციელებული, საქართველოს ისტორიას არ ახსოვს“.
აქვე ვოლსკი ამბობს, რომ „ძალადობა ვისზეც არ უნდა იყოს, რომელი მხრიდანაც არ უნდა იყოს, არის დასაგმობი და ასალაგმი“. თუმცა ხელისუფლების კრიტიკოსებზე ფიზიკური ძალადობის არაერთი ფაქტისა, ამ დრომდე არც ერთი თავდასმსხმელი არ არის პასუხისმგებაში მიცემული.
თავდასხმა ბერძენიშვილზე დილით განხორციელდა, როდესაც ის სამსახურში წასასვლელად ემზადებოდა. თავდასხმის შედეგების ამსახველი ფოტო აქტივისტმა სალომე ბარკერმა გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს სახეგასისხლიანებული ზურა ბერძენიშვილი.
სალომე ბარკერის პოსტის მიხედვით, თავდასხმა ბერძენიშვილის სახლთან მოხდა.
"შალვა პაპუასის პოსტიდან ერთ საათში რომ ზუკას ჩვენს სახლთან დახვდნენ “აღშფოთებული მოქალაქეები” და ფიზიკურად გაუსწორდნენ, ეს ალბათ უბრალოდ დამთხვევაა. სამნი იყვნენ, მანქანით ელოდებოდნენ, ზურგიდან მიეპარნენ და მერე გაიქცნენ", - წერს სალომე ბარკერი.
შენ თუ თავში არ გესროლოო, მეძახდა სამიდან ერთი, როცა დაგდებულს მირტყამდა, - იხსენებს აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ.
ზუკა ბერძენიშვილი რამდენიმე დღის წინ წერდა, ჩასაფრების შესახებ, რომელიც მას სოფელში მოუწყეს, თუმცა მაშინ თავის დაღწევა მოახერხა.
დღეს დილით პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოქვეყნა, და "ევროპის სახელით მიმდინარე", "ორგანიზებული და პოლიტიკურად მოტივირებული ტერორის კამპანია" უწოდა მისი თქმით „აღშფოთებული მოქალაქის“ სცენებს. პაპუაშვილი გულისხმობს მოქალაქეთა რეაქციებს მმართველი პოლიტიკური გუნდის წვერების მიმართ: "აგენტების კანონის" მიღების შემდეგ მოქალაქეები საჯარო სივრცეში "მოღალატეებს" და "მონებს" უწოდებენ იმ დეპუტატებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს კანონს.
ცნობისთვის: ორ თვეზე მეტია, უცნობი პირები "აგენტების კანონის" მოწინააღმდეგე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, აქტივისტებსა და მოქალაქეებს უსაფრთდებიან და ფიზიკურად უსწორდებიან. არც ერთ მსგავს შემთხვევაზე შესაბამის უწყებებს დამნაშავეები დასჯილი არ ჰყავთ. თუმცა, სახელმწიფო მყისიერად რეაგირებს სხვა შემხვევებზე. მაგალითად, მოქალაქე მარიამ წიწიკაშვილის თქმით, 9 ივნისის დილით"ხალხის ძალის" დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან შეკამათების შემდეგ პოლიციამ აეროპორტში, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავა; პოლიციაში იყო დაბარებული მოქალაქე დავით კუპრავა, რომელსაც პარტია "ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი ადევნებაში ადანაშაულებს. "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციებზე დააკავეს და დააჯარიმეს ათობით მოქალაქე, აღძრულია სისხმის სამართლის საქმეები, თუმცა პოლიციის მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტებზე პასუხისგებაში არც ერთი პირი არაა მიცემული.


