Accentnews.ge
კობახიძე: ჩვენი ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ხელი შევუწყოთ უკრაინის აღდგენას

კობახიძე: ჩვენი ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ხელი შევუწყოთ უკრაინის აღდგენას

11/06/2024 08:32:47 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელიც ბერლინში გამართულ "უკრაინის აღდგენის კონფერენციაში" (URC2024) მონაწილეობს, აცხადებს, რომ "საქართველოს მთავრობის ვალია, ყველაფერი გააკეთოს, რათა ხელი შეუწყოს უკრაინის აღდგენას".

„ჩვენ ვმონაწილეობთ უკრაინის აღდგენის კონფერენციაში. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას ყველა პლატფორმაზე, უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მსჯელობა იმ ღონისძიებებზე, რომელიც უნდა განხორციელდეს იმისათვის, რომ აღდგეს უკრაინა, როგორც კი დამყარდება მშვიდობა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში. ქართველი ხალხი გამორჩევა განსაკუთრებული სოლიდარობით უკრაინელი ხალხის მიმართ, ჩვენ გვაკავშირებს განსაკუთრებული ისტორიული ურთიერთდამოკიდებულება ხალხებს შორის, აქედან გამომდინარე, ჩვენი ვალია, გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ უკრაინის აღდგენას ჩვენს პარტნიორებთან ერთად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, "საქართველომ სხვადასხვა ფორმატში მხარი დაუჭირა 600-ზე მეტ გადაწყვეტილებას, სხვადასხვა ტიპის აქტს, რეზოლუციას, რომელიც ითვალისწინებდა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, რუსეთის სამხედრო აგრესიის დაგმობას".

"ძალიან ფართოა ჰუმანიტარული დახმარების მოცულობა უკრაინის მიმართ. აქ იგულისხმება, მათ შორის, ის ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც გაიგზავნა საქართველოდან უკრაინაში, ასევე იგულისხმება ის, რომ საქართველო დღემდე მასპინძლობს დაახლოებით 26 000 ლტოლვილს უკრაინიდან და უზრუნველყოფილია მათთვის უფასო მომსახურება სხვადასხვა თვალსაზრისით. განსაკუთრებულად ვზრუნავთ, რა თქმა უნდა, უკრაინელ ბავშვებზე. მათთვის არის უზრუნველყოფილი უფასო განათლება საქართველოში, მათ შორის, უკრაინულ ენაზე. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ჩვენი ვალი უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენი ვალია მაქსიმალური თანადგომა გამოვხატოთ უკრაინელი ხალხის მიმართ და დღევანდელ კონფერენციაში ჩვენი მონაწილეობა არის ამის კიდევ ერთი გამოხატულება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის: უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ "ქართული ოცნების" ხელისუფლების არაერთი წევრი ირწმუნება, რომ "უკრაინას და დასავლეთს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურთ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S