Accentnews.ge
თალაკვაძე „სამწუხაროს“ უწოდებს ბერძენიშვილზე თავდასხმას და ოპონენტებზე საუბრობს

თალაკვაძე „სამწუხაროს“ უწოდებს ბერძენიშვილზე თავდასხმას და ოპონენტებზე საუბრობს

11/06/2024 09:09:46 პოლიტიკა

დეპუტატი “ქართული ოცნებიდან“ არჩილ თალაკვაძე „სამწუხაროს“ უწოდებს აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე განხორციელებულ ფაქტს, საუბრობს ზოგადად ძალადობის, „ორმაგი სტანდარტის“ მიუღებლობაზე, თუმცა არა იმ გარემოებაზე, რატომ არ რეაგირებს სახელმწიფო მსგავს შემთხვევებზე ადეკვატურად. ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმა არ არის პირველი ფაქტი, განსაკუთრებით, ბოლო ორი თვის განმავლობაში, თუმცა არც ერთ მათგანზე პასუხისგებაში არავინაა მიცემული.

"ძალადობა არის მიუღებელი. ეს არ არის ენა, რომლითაც ჩვენი მოქალაქეები ერთმანეთს უნდა ესაუბრებოდნენ“,– ამბობს თალაკვაძე და კვლავ ოპონენტებზე საუბრობს:

„სამწუხაროდ, როდესაც განსხვავებული აზრი არის საკითხებზე, გვყავს ისეთი ოპონენტები, ისეთი პოლიტიკური ძალები პარლამენტში თუ პარლამენტის გარეთ, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დისკუსია, განხილვები, ჯანსაღი არგუმენტების წარმოდგენა დაებლოკათ და პროცესები მთლიანად ძალადობრივ სიბრტყეში გადაიტანეს“.

მან იმედი გამოთქვა, რომ ბერძენიშვილი მიიღებს სამედიცინო დახმარებას და „შესაბამისი უწყებები“ „შესაბამის რეაგირებას“ მოახდენენ:

„ეს ფაქტი ძალიან სამწუხაროა. იმედი მაქვს, რომ ექიმები დროულად აღმოუჩენენ დახმარებას და სამსახურები, რასაკვირველია, შესაბამის რეაგირებას მოახდენენ. სამწუხაროდ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვხედავთ სიძულვილის და ზიზღის კამპანიას, რომელშიც ჩართულები არიან რადიკალური ძალები. მათი შეფასებებიც არის შერჩევითი და ძალადობასთან აქვთ ორმაგი სტანდარტით მიდგომა, რაც არის მიუღებელი. ძალადობა უნდა დავგმოთ ცალსახად და არ უნდა ვიკითხოთ, თუ ვის ეხება ის," - განაცხადა თალაკვაძემ.

თავდასხმა ბერძენიშვილზე დილით განხორციელდა, როდესაც ის სამსახურში წასასვლელად ემზადებოდა. თავდასხმის შედეგების ამსახველი ფოტო აქტივისტმა სალომე ბარკერმა გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს სახეგასისხლიანებული ზურა ბერძენიშვილი.

სალომე ბარკერის პოსტის მიხედვით, თავდასხმა ბერძენიშვილის სახლთან მოხდა.

"შალვა პაპუასის პოსტიდან ერთ საათში რომ ზუკას ჩვენს სახლთან დახვდნენ “აღშფოთებული მოქალაქეები” და ფიზიკურად გაუსწორდნენ, ეს ალბათ უბრალოდ დამთხვევაა. სამნი იყვნენ, მანქანით ელოდებოდნენ, ზურგიდან მიეპარნენ და მერე გაიქცნენ", - წერს სალომე ბარკერი.

შენ თუ თავში არ გესროლოო, მეძახდა სამიდან ერთი, როცა დაგდებულს მირტყამდა, - იხსენებს აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ.

ზუკა ბერძენიშვილი რამდენიმე დღის წინ წერდა, ჩასაფრების შესახებ, რომელიც მას სოფელში მოუწყეს, თუმცა მაშინ თავის დაღწევა მოახერხა.

დღეს დილით პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოქვეყნა, და "ევროპის სახელით მიმდინარე", "ორგანიზებული და პოლიტიკურად მოტივირებული ტერორის კამპანია" უწოდა მისი თქმით „აღშფოთებული მოქალაქის“ სცენებს. პაპუაშვილი გულისხმობს მოქალაქეთა რეაქციებს მმართველი პოლიტიკური გუნდის წვერების მიმართ: "აგენტების კანონის" მიღების შემდეგ მოქალაქეები საჯარო სივრცეში "მოღალატეებს" და "მონებს" უწოდებენ იმ დეპუტატებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს კანონს.

ცნობისთვის: ორ თვეზე მეტია, უცნობი პირები "აგენტების კანონის" მოწინააღმდეგე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, აქტივისტებსა და მოქალაქეებს უსაფრთდებიან და ფიზიკურად უსწორდებიან. არც ერთ მსგავს შემთხვევაზე შესაბამის უწყებებს დამნაშავეები დასჯილი არ ჰყავთ. თუმცა, სახელმწიფო მყისიერად რეაგირებს სხვა შემხვევებზე. მაგალითად, მოქალაქე მარიამ წიწიკაშვილის თქმით, 9 ივნისის დილით"ხალხის ძალის" დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან შეკამათების შემდეგ პოლიციამ აეროპორტში, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავა; პოლიციაში იყო დაბარებული მოქალაქე დავით კუპრავა, რომელსაც პარტია "ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი ადევნებაში ადანაშაულებს. "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციებზე დააკავეს და დააჯარიმეს ათობით მოქალაქე, აღძრულია სისხმის სამართლის საქმეები, თუმცა პოლიციის მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტებზე პასუხისგებაში არც ერთი პირი არაა მიცემული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S