პაპუაშვილმა ნაცემ ბერძენიშვილს "ტერორით დაკავებული" უწოდა
11/06/2024 12:12:02 პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს არ დაუგმია აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმა, რომელიც ამჟამად კლინიკაში იმყოფება. თავდასხმამდე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა "პოსტი", რომელიც მათ შორის, ბერძენიშვილსაც ეხებოდა.
პარლამენტის თავმჯდომარეს დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ ნაცემი ბერძენიშვილის ფოტო აჩვენა და უთხრა, "ტერორი, რომელიც თქვენ მოაწყვეთ".
აქუბარდიამ თქვა, რომ ამას პასუხი აუცილებლად გაეცება, ოქტომბრის არჩევნებზე, მაგრამ "უბრალოდ ახალგაზრდა კაცმა ამ სინდისით უნდა იაროთ, რომ ახალგაზრდების სისხლში თქვენ პირადად გაქვთ ხელი გათხვრილი, იმიტომ, რომ თქვენი მოწოდების შემდგომ, ერთ საათში, თქვენივე ზონდერები დაესხნენ ამ ადამიანს თავს".
პაპუაშვილმა აღნიშნულს ტყუილი უწოდა და კიდევ ერთხელ გაიმეორა იგივე ნარატივი, რაც დილით პოსტად დადო. მისი მტკიცებით, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციები ტერორის, ზიზღის ენისა და შეურაცხყოფის ორგანიზატორები არიან.
"სამარცხვინო ტყუილები, რომელიც თქვენგან ისმოდა, რა მოწოდებაზე, არც გრცხვენიათ და დიახ, როდესაც ტერორით დაკავებულები არიან ორგანიზაციები და კონკრეტულად ეს ადამიანი, ორგანიზაცია "სირცხვილია", "ჯემნიუსი", თქვენ კოლეგებს რომ კეფაში ტყვიით ემუქრებოდნენ და თქვენ რომ ტაშს უკრავდით ამ ადამიანებს, აი, ამას დაუფიქრდით თუ შეიძლება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ და სწორედ ამას ეხებოდა მათ შორის ეს საკითხი და რა თქმა უნდა, ყველა ვინც ტერორში იქნება ჩართული, ყველას ვამხელთ, თავისთავად, განსაკუთრებით იმ მხრივ, როცა ორგანიზაციები რომლებიც დაფინანსებას იღებენ ევროკავშირის ბიუჯეტიდან, ხალხი, რომელიც ხელფასს იღებს ევროკავშირის ბიუჯეტიდან, "ჯემნიუსის" ჟურნალისტი რომელიც დეპუტატებს კეფაში ტყვიით ემუქრებოდა საჯაროდ, სირცხვილიას ეს ორი თანამშრომელი, რომლებიც ურეკავდნენ პარლამენტის წევრებს, ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ მათ, გრასის თუ ფაქტჩეკის თანამშრომელი, რომელიც თავს დაესხა პარლამენტის წევრს და შეურაცხყოფას აყენებდა მას. რამდენჯერმე, უკვე რამდენი ხანია ველი, რომ გაემიჯნება ამას ევროკავშირის შესაბამისი ფონდი იქნება თუ რომელიმე ქვეყანა, რომელიც ამ ფონში ფულს რიცხავს, თუ ევროკავშირის კომისია თავად, ვინც თავად აფინანსებს ამ ფონდს, ვერც ერთი განცხადება ვერ ვნახე ამ ძალადობისგან, ტერორისგან გამიჯვნისა", - თქვა პაპუაშვილმა.
თავდასხმა ბერძენიშვილზე დილით განხორციელდა, როდესაც ის სამსახურში წასასვლელად ემზადებოდა. თავდასხმის შედეგების ამსახველი ფოტო აქტივისტმა სალომე ბარკერმა გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს სახეგასისხლიანებული ზურა ბერძენიშვილი. თავდასხმა ბერძენიშვილის სახლთან მოხდა.
"შალვა პაპუასის პოსტიდან ერთ საათში რომ ზუკას ჩვენს სახლთან დახვდნენ “აღშფოთებული მოქალაქეები” და ფიზიკურად გაუსწორდნენ, ეს ალბათ უბრალოდ დამთხვევაა. სამნი იყვნენ, მანქანით ელოდებოდნენ, ზურგიდან მიეპარნენ და მერე გაიქცნენ", - წერდა სალომე ბარკერი.
შენ თუ თავში არ გესროლოო, მეძახდა სამიდან ერთი, როცა დაგდებულს მირტყამდა, - იხსენებს აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ.
ზუკა ბერძენიშვილი რამდენიმე დღის წინ წერდა, ჩასაფრების შესახებ, რომელიც მას სოფელში მოუწყეს, თუმცა მაშინ თავის დაღწევა მოახერხა.
დღეს დილით პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოქვეყნა, და "ევროპის სახელით მიმდინარე", "ორგანიზებული და პოლიტიკურად მოტივირებული ტერორის კამპანია" უწოდა მისი თქმით „აღშფოთებული მოქალაქის“ სცენებს. პაპუაშვილი გულისხმობს მოქალაქეთა რეაქციებს მმართველი პოლიტიკური გუნდის წვერების მიმართ: "აგენტების კანონის" მიღების შემდეგ მოქალაქეები საჯარო სივრცეში "მოღალატეებს" და "მონებს" უწოდებენ იმ დეპუტატებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს კანონს.
ცნობისთვის: ორ თვეზე მეტია, უცნობი პირები "აგენტების კანონის" მოწინააღმდეგე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, აქტივისტებსა და მოქალაქეებს უსაფრთდებიან და ფიზიკურად უსწორდებიან. არც ერთ მსგავს შემთხვევაზე შესაბამის უწყებებს დამნაშავეები დასჯილი არ ჰყავთ. თუმცა, სახელმწიფო მყისიერად რეაგირებს სხვა შემხვევებზე. მაგალითად, მოქალაქე მარიამ წიწიკაშვილის თქმით, 9 ივნისის დილით"ხალხის ძალის" დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან შეკამათების შემდეგ პოლიციამ აეროპორტში, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავა; პოლიციაში იყო დაბარებული მოქალაქე დავით კუპრავა, რომელსაც პარტია "ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი ადევნებაში ადანაშაულებს. "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციებზე დააკავეს და დააჯარიმეს ათობით მოქალაქე, აღძრულია სისხმის სამართლის საქმეები, თუმცა პოლიციის მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტებზე პასუხისგებაში არც ერთი პირი არაა მიცემული.


