ზურაბიშვილი: როცა პრემიერი ბედავს და ჯარების წინაშე პრეზიდენტს ეძახის მოღალატეს, ეს არნახული შეურაცხყოფაა ქართული ჯარის
11/06/2024 19:27:06 პოლიტიკა
"მე მინდა, პრემიერის მაგივრად ქართული ჯარის წინაშე ბოდიში მოვიხადო", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 26 მაისს პრემიერ-მინისტრის მიმართ პრეზიდენტისთვის მოღალატის წოდება ქართული ჯარის არნახული შეურაცხყოფა იყო.
„როცა პრემიერ-მინისტრი ბედავს და ჯარების წინაშე პრეზიდენტს ეძახის მოღალატეს, ეს არის არნახული შეურაცხყოფა ქართული ჯარის იმიტომ, რომ ეს პრეზიდენტი არის მისი უმაღლესი მთავარსარდალი. მე მინდა პრემიერის მაგივრად მათ წინაშე ბოდიში მოვიხადო და ვთქვა, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ქართული ჯარი გაძლიერდეს და იყოს ღირსეული შთამომავალი იმ ჯარისა, რომელიც იგებდა ბრძოლებში და რომელმაც მოიყვანა საქართველო დღემდე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის: 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „პრეზიდენტის ღალატის მიუხედავად“ ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანობით ქვეყანაში მშვიდობა შენარჩუნდა.


