ირანმა აშშ-ს უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის გამოძიებაში ჩართვა შესთავაზა
10/01/2020 06:18:13 მსოფლიო
ირანის ხელისუფლებამ განაცხადა აშშ-ის ტრანსპორტირების უსაფრთხოების ნაციონალურ საბჭოს(NTSB) შესთავაზა მისი წარმომადგენლის მონაწილეობა „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზთა გამოძიებაში.
თეირანის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა აშშ-ის, კანადის და დიდი ბრიტანეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებები, რომ სამგზავრო თვითმფრინავი სავარაუდოდ, შეცდომით ჩამოაგდეს ირანული რაკეტით. ინტერნეტში გავრცელდა სავარაუდოდ ფაქტის ამსახველი ვიდეოც.
თავად თეირანი აღნიშნულს უარყოფს და დასავლეთის სახელმწიფოებს მოუწოდებს, ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ფლობენ, ირანის შესაბამის სამსახურებს გადასცენ.
ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ალი აბედზადეს ინფორმაციით, NTSB-ის და ავიამშენებელი კომპანიის, „ბოინგის“ წარმომადგენლების გარდა, გამოძიებაში მონაწილეობას სთავაზობენ უკრაინის, კანადის და საფრანგეთის ექსპერტებს.
გაეროს წესებით, NTSB-ს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს გამოძიებაში, რადგან თვითმფრინავი დაპროექტებული და აწყობილია აშშ-ში.
ამერიკულმა მხარემ დაადასტურა, რომ ირანისგან შეთავაზება მიიღო და წარმომადგენელიც უკვე დანიშნა. ამასთან, სააგენტო Reuters-ს ინფორმირებულმა წყარომ უთხრა, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების პირობებში გაუგებარია, როგორ შეძლებს მუშაობას NTSB-ის წარმომადგენელი.
თეირანში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი 8 იანვრის დილით, 04:30 საათზე ჩამოვარდა. ეს იმავე დღეს მოხდა, რა დღესაც ირანი ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზებს თავს დაესხა. ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი ვერცერთი ადამიანი ვერ გადარჩა. დაღუპულთა რიცხვი 176-დან 180-მდე მერყეობს. სია ასე გამოიყურება:
ირანის 82 მოქალაქე;კანადის 63 მოქალაქე;უკრაინის 11 მოქალაქე;შვედეთის 10 მოქალაქე;ავღანეთის 4 მოქალაქე;დიდი ბრიტანეთის 3 მოქალაქე;გერმანიის 3 მოქალაქე;
ირანული მხარის პირველადი ვერსიით, კატასტროფა ძრავში გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია. „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები“ აცხადებს, რომ თვითმფრინავი სრულ წესრიგში იყო და მას გამოცდილი ეკიპაჟი მართავდა.


