ლილუაშვილს "სანქციების ტონი" არ მოსწონს, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ "ტემპერატურა დაიწევს"
12/06/2024 15:59:55 პოლიტიკა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს გრიგოლ ლილუაშვილს "სანქციების ტონი" არ მოსწონს, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ "ტემპერატურა დაიწევს".
„განცხადების შინაარსში პირდაპირ იყო გადმოცემული, რომ ეს იყო კონფიდენციალური, შესაბამისად, ვერც მე და ვერც ვერავინ, ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს არის თუ არა [სანქცირებულთა] სიაში. რა თქმა უნდა, ეს სამწუხარო ტენდენცია კვლავ განმეორდა, რაც განმეორდა სასამართლო ხელისუფლების წარმომდგენლების მიმართებით. ეს არ არის ის ტონი, რითაც სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი ქვეყნები ერთმანეთს უნდა ესაუბრონ, თუმცა მე იმედს გამოვთქვამ, რომ ეს პოლიტიკური ტემპერატურა დაიწევს, ისევ დავუბრუნდებით იმ პარტნიორულ ურთიერთობებს, გავაგრძელებთ ჩვენს ნაყოფიერ თანამშრომლობას, მათ შორის, პოლიტიკური კუთხითაც, უსაფრთხოების და თავდაცვის მიმართულებით",– თქვა ლილუაშვილმა.
ამასთან, ლილუაშვილი ამბობს, რომ უწყების დონეზე საქართველოს აშშ-სთან "იდეალური ურთიერთობები" აქვს და რომ პარტნიორობა "გრძელდება":
"უწყების დონეზე ჩვენ გვაქვს იდეალური ურთიერთობები, პარტნიორობა გრძელდება და ერთი წუთითაც არ გაჩერებულა. უფრო მეტიც, ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს ურთიერთობა და ვგეგმავთ თანამშრომლობის ახალ საინტერესო ეტაპებს“, - თქვა ლილუაშვილმა.
მისივე თქმით, მეგობარი ქვეყნების კოლეგა უწყებები არიან თანამშრომლობის იმ რეჟიმში, რა რეჟიმიც იყო „აგენტების კანონის“ მიღებამდე:
„სანქციების თემა უკავშირდება სავიზო შეზღუდვას. მე მაქვს ვიზა და შემიძლია გადადგილება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანმა მაინც და მაინც იქ ჩასვლის მერე უნდა გაიგოს თავისი დასანქცირების შესახებ. როცა საელჩოს ვიზასთან დაკავშირებით მიმართავს, იქ გამოჩნდება მისცემენ თუ არა.
მეგობარი ქვეყნების კოლეგა უწყებები არიან თანამშრომლობის იმ რეჟიმში, რა რეჟიმშიც ვიმყოფებოდით ე.წ. გამჭვირვალობის კანონის მიღებამდე. ამ თანამშრომლობას და პარტნიორობას საფრთხე არ ემუქრება“,- განაცხადა ლილუაშვილმა.


