Accentnews.ge
ოპოზიცია: "კობახიძის განცხადება ვარჰეიზე იყო ბოდვა და სუს–ის უფროსმა პრემიერის სულელურ პროპაგანდას წერტილი დაუსვა

ოპოზიცია: "კობახიძის განცხადება ვარჰეიზე იყო ბოდვა და სუს–ის უფროსმა პრემიერის სულელურ პროპაგანდას წერტილი დაუსვა

13/06/2024 09:06:12 პოლიტიკა

ოპოზიციაში ეხმიანებიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის კომენტარს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც იგი ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მუქარაში ადანაშაულებდა.

„კობახიძის განცხადება, თითქოს და ვარჰეი დაემუქრა ლიკვიდაციით, ეს, რა თქმა უნდა, იყო თავიდანვე ბოდვა, რაც იყო ძალიან არასერიოზული განცხადება და იგივე დაადასტურა სუს-ის ხელმძღვანელმა, მისივე გუნდის წევრმა. შესაბამისად, ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებაზე ვერ იქნებოდა სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დეპუტატმა თემურ ჯანაშიამ.

პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრი ბექა ლილუაშვილი აღნიშნავს, რომ "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა პრემიერ-მინისტრის აბსოლუტურად სულელურ პროპაგანდას პირდაპირ დაუსვა წერტილი".

"როგორც ჩანს, კობახიძეს ახასიათებს არაადეკვატური აღქმა რაღაც მოვლენების მიმართ - ეს იყო ხაზგასმა, ამ განცხადებაში სხვა მე ვერაფერი დავინახე. ფაქტია, რომ ამ შემთხვევაში პოლიტიკურ თუ სიცოცხლის და ჯანმრთელობის საფრთხის მუქარად გამოტანილი ეს გზავნილები სისულელე იყო. ეს დადასტურდა როგორც მეორე მხარის, ასევე შესაბამისი უწყების მხრიდანაც. [...] ფაქტია, რომ გამოძიების არანაირი საფუძველი, სამართალდარღვევის და მუქარას არანაირი ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, დადასტურდა ისიც, რომ კობახიძის შიშებსა და არაობიექტურ აღქმებზე ვართ დამოკიდებული დღეს. ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად, მაგრამ მაინც საქართველოს პრემიერ-მინისტრია და ოფიციალურად საქართველოს სახელით საუბრობს. გახსოვთ, რა ამბავი მოჰყვა ამ აბსურდს, როგორი პროპაგანდა ჩაირთო კობახიძის განცხადების შემდეგ, რასაც შემდეგ მთელი სახელმწიფო აპარატი აჰყვა, მათ შორის “ქართული ოცნების” პარლამენტის წევრები და სხვები. გუშინ გაირკვა, რომ ეს ყოფილა ცრუ აჟიოტაჟი და მიზანმიმართული თუ სისულელით გამოწვეული აფიორა, რომელსაც საბოლოოდ წერტილი დაესვა”, - აღნიშნა ლილუაშვილმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი დეპუტატი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ "სუს–ის უფროსმა პირდაპირ ამხილა პრემიერი":

"ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად არისო, მეგობრის რჩევა იყო და დანაშაულის ნიშნებიც არ არისო. არადა „ქართული ოცნება“ და კობახიძე რუსული პროპაგანდისთვის დამახასიათებელი ხერხებით ახდენდა დასავლეთის მიზანმიმართულად დისკრედიტაციას, კონკრეტულად ევროკომისარ ვარჰეის, თითქოს ის ტერაქტით ემუქრებოდა კობახიძეს. პირდაპირ ამხილა პრემიერი და ანუგეშა, ნუ გეშინია ირაკლი, ევროპა არ არის მტერიო“.

ცნობისთვის: 12 ივნისს სუს-ის უფროსმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებაში “არ არის საკმარისი ნიშნები იმისა, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი იყოს, არ არის სათანადო მტკიცებულებები”.

  • 23 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი მუქარაში დაადანაშაულა. მოგვიანებით, იმავე დღეს ევროკომისარმა ვარჰეიმ განცხადება გაავრცელა, რომელშიც იგი "წუხილს გამოთქვამდა, რომ მისი სატელეფონო საუბრის ნაწილი კონტექსტიდან იყო ამოღებული".

რა თქვა ვარჰეიმ

"საქართველოს პრემიერ–მინისტრის 2024 წლის 23 მაისს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით მინდა, გამოვხატო ჩემი გულწრფელი მწუხარება, რომ ჩემი სატელეფონო საუბრის გარკვეული ნაწილი კონტექსტიდანაა ამოღებული. როგორც სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მომუშავე კომისარი, მე რეგულარულ კონტაქტზე ვარ ჩემი პორტფელის ქვეყნების მთავრობებთან, რადგან საკომუნიკაციო არხები ყოველთვის ღია უნდა იყოს პირდაპირი პოლიტიკური გაცვლებისთვის.

საქართველოს ამჟამინდელ პოლიტიკურ სიტუაციაში, მე დიდ ძალისხმევას ვწევ, რომ საქართველოს პოლიტიკური ხელისუფლება დამერწმუნებინა არ მიეღო კანონი "უცხოური გავლენების" შესახებ, რომელმაც შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს საქართველოს გზას ევროკავშირში.

იქიდან გამომდინარე, რომ კარგად მაქვს გაცნობიერებული საქართველოს საზოგადოების ძალიან ძლიერი პროევროპული სენტიმენტები, სატელეფონო საუბრისას საჭიროდ ჩავთვალე პრემიერს ყურადღება მიექცია საჭიროებაზე, რომ ამ კანონის მიღებით, არ უნდა გამწვავდეს ისედაც მერყევი სიტუაცია, რასაც შეუძლია, გამოიწვიოს უფრო ღრმა პოლარიზაცია და თბილისის ქუჩებში შესაძლო უკონტროლო ვითარება. ამასთან დაკავშირებით, მაგალითად მოვიყვანე უკანასკნელი ტრაგიკული ინციდენტი სლოვაკეთში, როგორც მაგალითი თუ სად შეიძლება, მიგვიყვანოს პოლარიზაციის ასეთმა მაღალმა დონემ საზოგადოებაში, თუნდაც ევროპაში.

კიდევ ერთხელ, ვწუხვარ, რომ ჩემი სატელეფონო ზარის ერთი ნაწილი არამხოლოდ მთლიანად იქნა ამოღებული კონტექსტიდან, არამედ საზოგადოებისთვის იყო წარმოდგენილი ისე, რომ მას შეეძლო ჩემი სატელეფონო ზარის თავდაპირველი მიზნის სრულიად არასწორი ინტერპრეტაცია გამოეწვია.

მე კვლავ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ არ მიიღოს ეს კანონი.

მე ამას ვთხოვ, როგორც საქართველოს კარგად ნაცნობი და პატივსაცემი მეგობარი.

მე კვლავ ვაგრძელებ საქართველოს მხარდაჭერას ევროპულ გზაზე".

რა თქვა კობახიძემ

ვარჰეის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე ამტკიცებდა, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი დაემუქრა და მაგალითად სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე თავდასხმა მოუყვანა.

"საზოგადოება აკვირდება გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და ხედავს, რომ მთელი რიგი მაღალი რანგის უცხოელი პოლიტიკოსები არ ერიდებიან ღია შანტაჟსაც კი ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ. ამგვარ შეურაცხმყოფელ შანტაჟს დიდი ხანია მიჩვეული ვართ და მან საზოგადოებისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც არსებითად უკვე დაკარგა აქტუალობა.

თუმცა, ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა - „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.

როდესაც გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებული შანტაჟის კონტექსტში ახსენებენ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რომელზეც რამდენიმე დღის წინ ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა და რომელიც ამჟამადაც მკურნალობას გადის, ეს ჩვენთვის უკიდურესად შემაშფოთებელია. ხაზს გავუსვამ იმასაც, რომ წინასწარი ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის უკან იკვეთება ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურის კვალი, რომელიც გლობალურ ომის პარტიასთან განსაკუთრებით მჭიდროდ არის დაკავშირებული.

პრევენციის მიზნით, თავი ვალდებულად მივიჩნიე, ამ მუქარის შესახებ ინფორმაცია ქართული საზოგადოებისთვის მიმეწოდებინა. რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობასთან გავლებული პარალელი შეგვახსენებს, რომ გლობალური ომის პარტიის სახით, საქმე გვაქვს უაღრესად საშიშ ძალასთან, რომელიც საქართველოში არეულობის შემოსატანად ყველაფერზეა წამსვლელი.

დარწმუნებული ვარ, მათ გეგმებს არც ამჯერად უწერია წარმატება და საქართველო აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობას და პოლიტიკურ სტაბილურობას, რაც ქვეყნის განვითარების აუცილებელი პირობაა", – განაცხადა კობახიძემ.

  • 5 ივნისს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მზადაა, სატელეფონო საუბრის დეტალები, სადაც მას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ბედის გაზიარებით დაემუქრნენ, უცხო ქვეყნის საგამოძიებო უწყებებს მოუყვეს და მათ მტკიცებულებები გადასცეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S