კახა კალაძე: რამდენჯერმე მოხდა კაფე „მზიურის“ ერთ ადამიანზე, პირდაპირი წესით გადაცემა, რაშიც მადანაშაულებდნენ
16/06/2024 10:26:00 პოლიტიკა
თბილისის მერი კახა კალაძე განმარტავს, რატომ გადაწყვიტა მერიამ “კაფე მზიურის” აუქციონზე გატანა. მისი თქმით, ადანაშაულებდნენ, რომ კაფეს შენობა რამდენჯერმე ერთ ადამიანს გადაეცა პირდაპირი წესით, მას კი არ უნდა “ეს თემა გახდეს სალაპარაკო”.
მისი თქმით, ხელშეკრულების ვადა ამოიწურა და კაფე, კანონის შესაბამისად, აუქციონის წესით გასხვისდება.
„ამოიწურა ხელშეკრულების ვადა. კაფეს გასხვისება მოხდება იგივე, სოციალური სტატუსით. რა თქმა უნდა, იგივე პროექტები განხორციელდება, რაც დღემდე ხორციელდებოდა. რამდენჯერმე მოხდა ამ კონკრეტული კაფეს ერთ ადამიანზე, პირდაპირი წესით გადაცემა, რაშიც მადანაშაულებდნენ. რა თქმა უნდა, არ მინდა ეს თემა გახდეს სალაპარაკო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კაფეს სტატუსი ექნება იგივე, შეუცვლელი. ალბათ არსებობენ ადამიანები, რომელთაც აქვთ სურვილი, მსგავსი პროექტები განახორციელონ. ამიტომ, რომ არ იყოს რაიმე ჩემს ან მერიის წინააღმდეგ, გამოცხადდება აუქციონი და ვისაც სურვილი ექნება, მიიღოს მონაწილეობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
“მზიურის კაფეს” აუქციონზე გატანის შესახებ გადაწყვეტილება 15 ივნისს გახდა ცნობილი. კაფეს მენეჯმენტი აცხადებს, რომ ქონების მართვის სააგენტოსგან შესაბამისი წერილი წინასწარი გაფრთხილების გარეშე მიიღო.
კაფეს მენეჯერი ანა გოგუაძე ვარაუდობს, რომ გადაწყვეტილება, შესაძლოა, მის პოლიტიკურ და სამოქალაქო პოზიციებს უკავშირდებოდეს.
“მე არ ვარ ადამიანი, რომელიც არის ყოველთვის ყველაფერზე ჩუმად. არ ვარ და ვერ ვიქნები ადამიანი, რომელიც პარტიებს უკრავს ტაშს ყოველთვის”, – განაცხადა გოგუაძემ “მთავარ არხთან" საუბრისას.
“კაფე მზიურის” გადარჩენის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა.


