Accentnews.ge
ხანმოკლე პაუზის შემდეგ კობახიძე "გლობალურ ომის პარტიაზე" კვლავ ალაპარაკდა

ხანმოკლე პაუზის შემდეგ კობახიძე "გლობალურ ომის პარტიაზე" კვლავ ალაპარაკდა

17/06/2024 12:09:19 პოლიტიკა

ხანმოკლე პაუზის შემდეგ საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე "გლობალურ ომის პარტიაზე" კვლავ ალაპარაკდა.

იგი ისევ იმეორებს, რომ "გლობალურ ომის პარტიას" აქვს თვისებრივი გავლენა ევროკავშირზე" და აღნიშნულის პარალელურად, საქართველოს ისევ ჰპირდება, რომ 2030 წლისთვის ევროკავშირის წევრი ქვეყანა იქნება.

"ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი ამოცანაა, 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ამ მიზანს მივყვებით თანმიმდევრულად, მაგრამ ჯერ კიდევ გრძელდება შანტაჟი, რაც კონკრეტული ძალები თავიდან უკავშირებდნენ კანდიდატის სტატუსს, ახლა უკავშირებენ მოლაპარაკებების გახსნას. ეს არ არის ევროკავშირი. ეს არის ე.წ გლობალური ომის პარტია, რომელსაც სამწუხაროდ აქვს თვისებრივი გავლენა ევროკავშირზე. გლობალური ომის პარტია აგრძელებს შანტაჟს საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა დღეს მოლაპარაკებების გახსნის თემა არის აბსოლუტურად გაცვეთილი, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი. შესაბამისად, არავითარი ფასი ამ საკითხს არ აქვს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია ორგანიზაციებთან, ადამიანებთან, გვარებთან დაკავშირებით, ვინც არის წარმომადგენელი გლობალურ ომის პარტიაში. მათ შორის, გვარებით ვიცით, ევროპარლამენტარები, სენატორები. სახელმწიფოს ინტერესებში არ შედის ამ ყველაფრის დაკონკრეტება, მაგრამ ვინც აშანტაჟებდა კანდიდატის სტატუსით საქართველოს, თქვენ ხომ გახსოვთ 2022 წლის ივნისში საქართველოს ყოველგვარი არგუმენტის გარეშე ეთქვა უარი კანდიდატის სტატუსზე. ვინ გვაშანტაჟებდა, ევროკავშირი? არ იყო ეს ევროკავშირი. ესენი იყვნენ ის ძალები, რომლებსაც, სამწუხაროდ, თვისებრივი გავლენა აქვს ევროკავშირზე“, – განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის: პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 11 ივნისს მსოფლიო ლიდერებთან ერთად ბერლინში გამართულ უკრაინის აღდგენის კონფერენციაში (URC2024) მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების მთავარი მიზანი უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციის, რეფორმებისა და მოდერნიზაციისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებაა. კობახიძე სიტყვით გამოვიდა სახელმწიფო მეთაურთა სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც გერმანიის ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხელმძღვანელობდნენ. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა, „მაქსიმალური წვლილი შეიტანოს უკრაინის აღდგენაში“. ბერლინში კობახიძის გამოსვლა დაცლილი იყო უკვე ტრადიციულად ქცეული ანტიდასავლური გზავნილებისაგან, მას არ უხსენებია "გლობალური ომის პარტია", რომელსაც დასავლელი ლიდერები "კრემლის ნარატივს" უწოდებენ. ქართულ ოპოზიციაში ამ ვიზიტს „ფორმალობად“ აფასებდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S