გავრცელებული კადრების თანახმად, ირანში მშვიდობიან დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს
13/01/2020 08:20:54 მსოფლიო
„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო და ფოტომასალა, რომელიც ასახავს ირანის რევოლუციური გვარდიის მიერ ანტისამთავრობო დემონსტრაციების დარბევას, თუმცა ირანის ოფიციალურ წყაროებს მათი ავთენტურობა არ დაუდასტურებიათ.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ იყენებენ სამართალდამცველები მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს და ცეცხლსასროლ იარაღს. მედია წერს, რომ მკაცრად ჩაკეტილი მედია სივრცის გამო, ვერ ხერხდება ქვეყანაში არსებული ვითარების დადგენა.
გავრცელებული კადრების მიხედვით, მოვლენები თეირანის თავისუფლების მოედანზე ვითარდება, სადაც დემონსტრანტები უზენაესი ლიდერის აითოლა ალი ხამენეისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების გადადგომას ითხოვენ.
ირანში მიმდინარე მოვლენებს ცოტა ხნის წინ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა. მან „ტვიტერში“ ფარსისა და ინგლისურ ენებზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც თეირანს მოუწოდა, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ არ იბრძოლონ: „ნუ დახოცავთ თქვენს მომიტინგეებს. თქვენ უკვე ათასობით ადამიანი მოკალით და დააპატიმრეთ. მთელი მსოფლიო გადევნებთ თვალს! ჩართეთ ინტენეტი და ნება მიეცით ადამიანებს თავისუფლად გამოთქვან პროტესტი. შეწყვიტეთ საკუთარი დიდებული ხალხის მოკვლა!“-დაწერა ტრამპმა.


