თეირანი: "სოლეიმანის მკვლელობისთვის შურისძიება არ დასრულებულა"
13/01/2020 09:28:40 მსოფლიო
გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობისთვის შურისძიება არ დასრულებულა, – აცხადებს აიათოლა ხამენეის წარმომადგენელი ალი შირაზი.
„ირანის შურისძიება სოლეიმანის მკვლელობისთვის ჯერ არ დასრულებულა. თუმცა, არ არის აუცილებელი, რომ საპასუხო ნაბიჯები მხოლოდ ირანმა განახორციელოს. თავის მხრივ, წინააღმდეგობის ფრონტიც აქტიურად იძიებს შურს“, – განაცხადა შირაზიმ ირანულ სააგენტო „ფარსთან“ საუბრისას.
ირანი წინააღმდეგობის ფრონტს უწოდებს ყველა მოკავშირე ძალას რეგიონში, რომელთა ამოცანაც „მსოფლიო იმპერიალიზმთან“ ბრძოლაა.
ყასემ სოლეიმანი „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ელიტური ქვედანაყოფის, „ალ-ქუდსის“ მეთაური იყო. მისი ლიკვიდაცია აშშ-ის ავიაიერიშის დროს, 3 იანვარს, ბაღდადის აეროპორტში მოხდა.
საპასუხოდ ირანმა ერაყში ამერიკულ ბაზაზე თავდასხმა განახორციელა. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. აღნიშნულ ქმედებას აშშ–მა სანქციებით უპასუხა, თუმცა ირანმა ისევ განახორციელა მორიგი თავდასხმა.დაიჭრა 4 ერაყელი ჯარისკაცი.


