ირაკლი კუპრაძე: „ქართული ოცნება“ იტყუება, როცა ამბობს, რომ მათზე სანქციები არ დადებულა, მალავენ იმ შედეგს, რისიც ეშინოდათ
19/06/2024 09:26:44 პოლიტიკა
„ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ იტყუება, როცა ამბობს, რომ მათზე სანქციები არ დადებულა.
მისი თქმით, სანქციების მომდევნო ტალღებიც იქნება.
„ქართული ოცნება“ იტყუება, როცა ამბობს, რომ მათზე სანქციები არ დადებულა. აშშ–ის ელჩმა რობინ დანიგანმა დაადასტურა, რომ სანქციების შესახებ მათ ინფორმაციაც მიუვიდათ. მალავენ იმ შედეგს, რისიც მათ ეშინოდათ. ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისია, რაც სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან დაანონსებულია, რომ სანქციების მომდევნო ტალღები იქნება, რომლებიც არა მხოლოდ სამგზავრო შეზღუდვებში გადაიზრდება, არამედ ფინანსურ სანქციებში, რისიც „ქართულ ოცნებას ყველაზე მეტად ეშინია“, - განაცხადა კუპრაძემ.
აშშ–ის ელჩმა “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, რომ შეზღუდვის პირველი ტრანში უკვე განხორციელდა და ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ვიზა, ეცნობათ, რომ მათი ვიზა ვალიდური აღარ არის და მათ ვისაც არ აქვთ ვიზა, ვეღარ მიიღებენ მას.


