Accentnews.ge
ჭიაბერაშვილი: „ხალხის ძალის“ განცხადება არის ის, რასაც „ოცნება“ ათქმევინებს თავის სატელიტს, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის „ოცნების“ და რუსეთის ერთობლივი პროპაგანდა"

ჭიაბერაშვილი: „ხალხის ძალის“ განცხადება არის ის, რასაც „ოცნება“ ათქმევინებს თავის სატელიტს, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის „ოცნების“ და რუსეთის ერთობლივი პროპაგანდა"

20/06/2024 09:50:38 პოლიტიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ „ხალხის ძალის“ განცხადება არის ის, რასაც „ქართული ოცნება“ ათქმევინებს თავის სატელიტს.

„ხალხის ძალის“ განცხადება არის ის, რასაც „ქართული ოცნება“, ეს რუსული კოშმარი არ აპირებს, რომ თქვას და ათქმევინებს თავის სატელიტს. აქედან გამომდინარე, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ და რუსეთის ერთობლივი პროპაგანდა, მათ შორის ისინი კვლავ და კვლავ უბრუნდებიან იმ თემას, რაც ყველაზე მტკივნეულია ჩვენთვის და რაც ყველაზე მეტად აწყობს კრემლს. ეს არის ის, რომ ისევ და ისევ დადანაშაულებული იქნას საქართველო, დადანაშაულებული იქნას ჩვენი პარტნიორები - ევროკავშირი, შეერთებული შტატები, ასეთი პროპაგანდა ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია და ნათლად ავლენს „ქართული ოცნების“ ბუნებას, ისინი ამ გზავნილით მოვიდნენ ხელისუფლებაში, ამ გზავნილით ასრულებენ ხელისუფლებას და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი საქართველოში ხედავს ამ რუსული ძალის მოღალატეობრივ ბუნებას“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

პარტია „ხალხის ძალა“, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობას წარმოადგენს, მორიგ ანტიდასავლურ განცხადებას ავრცელებს და კიდევ ერთხელ ესმის თავს აშშ–სა და ამერიკელ ელჩს და ამერიკასთან "სტრატეგიული პარტნიორობის" გადახედვასაც არ გამორიცხავს.

"ნუ გაგიკვირდებათ და ნუ შეშფოთდებით, თუ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ სწორედ იმას გავაკეთებთ, რასაც თქვენ აკეთებთ თქვენი ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. და რადგან თქვენ სიტყვით გვაჯერებთ, რომ ჩვენი მეგობრები ხართ, ხოლო საქმით სრულიად საპირისპიროს ვხედავთ, ვიტოვებთ უფლებას, თავად გადავწყვიტოთ, როგორ წარვმართოთ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე და როგორც ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული პოლიტიკური ძალა, ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გასაძლიერებლად და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, თუნდაც ეს იმ - მხოლოდ ფურცელზე დაწერილი და ჰაერზე ნათქვამი - "სტრატეგიული პარტნიორობის" გადახედვად დაგვიჯდეს, რის მუქარასაც ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად ვისმენთ და თანაც ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებისგან“,- ნათქვამია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.

გარდა ამისა, ამავე განცხადებაში მოძრაობა ავითარებს ნარატივს, თითქოს, აშშ საქართველოს „არშემდგარ სახელმწიფოდ” აღიქვამს.

ამასთან, "ხალხის ძალაში" აცხადებენ, რომ "სერიოზული კითხვის ნიშნები აქვთ 2008 წელს განვითარებულ პროცესებში აშშ–ის როლთან და ფუნქციასთან დაკავშირებით":

"ცალკე საუბრის და გამოძიების თემაა 2008 წლის აგვისტოს ომის პერიპეტიები, როცა, ჩვენი სამშობლოს 20 პროცენტის ოკუპაციის შემდეგ, ქვეყანაში მართლაც დაიხარჯა სოლიდური ამერიკული "ფინანსური დახმარება", მაგრამ სანამ ამ დახმარების საჭიროება დადგებოდა ქვეყანაში, თქვენმა საყვარელმა პარტიამ ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველო სწორედ ამ უმძიმესი მოცემულობის წინაშე დამდგარიყო. დიახ, აგენტურამ 2008 წელს მოაწყო უმძიმესი პროვოკაციები და რომ არა ეს მიზანმიმართული ბოროტება საკუთარი ქვეყნის მიმართ, რომ არა დავალებების უსიტყვო შესრულება და მონური მორჩილება, საქართველო ომის ქარცეცხლში არ გაეხვეოდა. არ იქნებოდა ასეულობით ქართველის მსხვერპლი, არ გვეყოლებოდა 35000 ახალი დევნილი, არ მოხდებოდა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია და ეკონომიკის სერიოზული ჩამოშლა. სერიოზული კითხვის ნიშნები გვაქვს ამ პროცესებში თქვენს როლთან და ფუნქციასთან დაკავშირებით, რადგან დღეს უკვე პატარა ბავშვმაც კი იცის საქართველოში, რომ სააკაშვილი და მისი აგენტურული ბანდა სწორედ რომ ოკუპაციის გამოსაწვევად ასრულებდა უმძიმეს დავალებებს საქართველოს წინააღმდეგ. სწორედ აგვისტოს ამ მოვლენების შემდეგ დაერქვა რუსეთს "ოკუპანტი", ხოლო აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი, რაც უკვე შემდგომ წლებში - ვიდრე დღემდე, მეტ-ნაკლები წარმატებით გამოიყენება პროპაგანდის საწარმოებლად და საზოგადოებრივი აზრის ტერორისთვის. აგვისტოს ომის შემდეგ გაწეულ დახმარებაზე კი (რაც აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარებაში სერიოზულ წილს შეადგენს) მარტივად გეტყვით - თქვენ უბრალოდ სხვა გამოსავალი არ გქონდათ, რადგან ომისგან ჩამოქცეულ ეკონომიკაში ფული რომ არ ჩაგესხათ, ამ ჩამოქცეულ ეკონომიკას თქვენი საყვარელი ნაცმოძრაობაც თან გადაჰყვებოდა. სინამდვილეში, თქვენ ეს ფული თქვენივე აგენტურის ხელისუფლებაში დასატოვებლად გადაიხადეთ. დიახ, ეს იყო თქვენი მიზნებისათვის გაწეული ხარჯი, თორემ ათიათასობით დევნილისთვის წეროვანის ბარაკებში ჩასახლება როგორი "ღირსეული" დახმარებაცაა, ამას ქართველი ხალხი კარგად ხედავს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S