Accentnews.ge
კობახიძე: ჩვენც გვაქვს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა

კობახიძე: ჩვენც გვაქვს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა

21/06/2024 15:59:10 პოლიტიკა

ჩვენც გვაქვს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა,– თქვა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბერლინში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას და გამოთქვა რწმენა, რომ ამ პოლოტიკით შესაძლებელი იქნება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

„ამ ოთხი წლის განმავლობაში კიდევ უფრო მძაფრად შევიგრძენით, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა და რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, სახელმწიფოს სუვერენიტეტი. ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ არაერთი ბრძოლა გადავიტანეთ იმისთვის, რომ შეგვენარჩუნებინა მშვიდობა და განგვემტკიცებინა ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ჩვენი სუვერენიტეტი და ეს ბრძოლა იყო საბოლოო ჯამში ძალიან წარმატებული. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ვივლით მყარად, სწორი მიმართულებით, განვამტკიცებთ კვლავაც ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენს სუვერენიტეტს და შევინარჩუნებთ მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში, რაც არის საქართველოს განვითარების აუცილებელი პირობა.

ჩვენ გვაქვს ჩვენი ოცნებები და მთავარი ოცნება არის რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, გაერთიანება და ამ თვალსაზრისითაც სიმბოლურია, რომ ჩვენ ამ თემაზე ვსაუბრობთ გერმანიაში. გერმანია არის სწორედ იმის სიმბოლო, თუ როგორ შეიძლება, მოთმინებით გაამთლიანო საკუთარი ქვეყანა. მოთმინებით ელოდებოდა ათწლეულების განმავლობაში გერმანია გაერთიანებას, გამთლიანებას და საბოლოო ჯამში 1989 წელს გერმანელებს ეს ოცნება აუხდათ.

ჩვენც გვაქვს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა და დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი პოლიტიკით საბოლოო ჯამში იქნება შესაძლებელი საქართველოს ოცნების ახდენა, ქართველების ოცნების ახდენა და საქართველო იქნება ერთიანი და მთლიანი სახელმწიფო", - თქვა კობახიძემ.

პარალელურად, სასტუმროსთან, სადაც ღონისძიება მიმდინარეობს, პროტესტის ნიშნად შეიკრიბნენ ქართული თემის წარმომადგენლები, თვლიან რა რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადაუხვია საქართველოს ევროინტეგრაციის კურსს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S