რა წერია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში საქართველოში დემოკრატიის გამოწვევების შესახებ
27/06/2024 11:19:35 პოლიტიკა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) საქართველოში დემოკრატიის გამოწვევების შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტი 66 ხმით 4-ის წინააღმდეგ მიიღეს, 5-მა დელეგატმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.
რეზოლუცია საქართველოს პარლამენტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის დაუყოვნებლივ გაწვევისკენ მოუწოდებს.
"PACE გამოთქვამს ღრმა შეშფოთებას საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც სერიოზულ ეჭვებს აჩენს საერთაშორისო დემოკრატიული ნორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ქვეყნის ერთგულებასთან დაკავშირებით, ასევე მის მზადყოფნასთან დაკავშირებით, შეასრულოს ევროპის საბჭოს წევრობის თავისი ვალდებულებები. PACE მიიჩნევს, რომ ეს კანონი ისევე, როგორც საქართველოს პარლამენტის მიერ მისი მიღების წესი შეუთავსებელია ევროპულ დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან. ასამბლეა მიიჩნევს, რომ ამ კანონს არაფერი აქვს საერთო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის ფინანსურ გამჭვირვალობასთან – რომლისთვისაც საქართველოში უკვე არსებობს ყოვლისმომცველი საკანონმდებლო ბაზა - ისევე, როგორც არაფერი აქვს საერთო ფარული და მანკიერი უცხოური ჩარევის პრევენციასთან. პირიქით, ეს კანონი სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე ხელისუფლების გადაჭარბებული კონტროლის საშუალებას იძლევა. ამიტომ, ის დაუყოვნებლივ მთლიანად უნდა გაუქმდეს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
ამასთან, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ასამბლეა შეშფოთებულია "აგენტების კანონის" მოწინააღმდეგე დემონსტრანტების, აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პარლამენტარების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების გამო.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ხსენებული ფაქტები ხელისუფლების მიერ სათანადოდ არ დაგმობილა, რამაც შესაძლოა, დაუსჯელობა წაახალისოს.
"მსგავსი ქმედებების ადგილი არ აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში. ყველა ცნობა ძალის გადამეტებული გამოყენების, ძალადობრივი თავდასხმების შესახებ და დაშინების კამპანიები შესაბამისმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ სრულად და გამჭვირვალედ უნდა გამოიძიონ და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ "აგენტების კანონმა" შესაძლოა, გავლენა მოახდინოს არჩევნების ლეგიტიმურობაზე:
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღება არ შეიძლება, განიხილებოდეს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისგან იზოლირებულად, რომელიც 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. ასამბლეა შიშობს, რომ ეს კანონი აუცილებლად მოახდენს ნეგატიურ გავლენას ამ არჩევნების ჩატარებაზე და მისი შედეგებისადმი დაინტერესებული მხარეებისა და საზოგადოების ნდობაზე, რამაც შესაძლოა, გავლენა მოახდინოს არჩევნების ლეგიტიმურობაზე. ეს განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან ამ კანონის მიღებამ, მიუხედავად მის წინააღმდეგ ფართოდ გავრცელებული წინააღმდეგობისა ქართულ საზოგადოებაში, მოახლოებული არჩევნები გარდაუვლად გადააქცია დე ფაქტო რეფერენდუმად საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიისა და საგარეო კავშირის შესახებ, საგრძნობლად გაზარდა ფსონები ამ არჩევნებში და ზრდის პოლარიზაციას და დაძაბულობას წინასაარჩევნო კლიმატში".
ამასთან, ასამბლეა შეშფოთებულია, რომ არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ "აგენტების კანონის" მიღების შედეგად სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, რომლებსაც აქვთ არჩევნებზე დაკვირვების დიდი გამოცდილება, არჩევნებზე დაკვირვება ვეღარ განახორციელონ.
გარდა ამისა, დოკუმენტში ნათქვამია, რომ საარჩევნო ცვლილებები მმართველ უმრავლესობას ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყველა გადაწყვეტილების გაკონტროლების პოტენციურ შესაძლებლობას აძლევს.
რეზოლუციის თანახმად, საარჩევნო კოდექსში შეტანილი ეს ცვლილებები დიდ გავლენას მოახდენს საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის მიმართ ნდობაზე.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ასევე გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონპროექტები გამო, რომელიც „შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან“.
რეზოლუციის ავტორები არიან PACE–ს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა.


