საგარეო უწყება: NATO-ს სამიტზე ქართულ დელეგაციას ილია დარჩიაშვილი უხელმძღვანელებს
28/06/2024 09:15:22 პოლიტიკა
საქართველო მონაწილეობას მიიღებს 9-11 ივლისს ვაშინგტონში დაგეგმილ NATO-ს საიუბილეო სამიტში. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მისი ცნობით, ქართულ დელეგაციას უხელმძღვანელებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.
„მინისტრი მონაწილეობას მიიღებს, 10 ივლისს პარტნიორი ქვეყნების ფორმატში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. ილია დარჩიაშვილი ასევე დაესწრება სამიტის ფარგლებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებს და გამართავს ორმხრივ შეხვედრებს. აღსანიშნავია, რომ სამიტის პროგრამის მიხედვით, პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობა გათვალისწინებულია საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, შესაბამისად ვაშინტონში სამიტში მონაწილეობის მიზნით საქართველოდან მიწვეულია საგარეო საქმეთა მინისტრი“, - ნათქვამია ინფორმაციაში, თუმცა საგარეო უწყებას არ დაუკონკრეტებია ქართული დელეგაციის შემადგენლობა.
NATO-ს საიუბილეო სამიტი ვაშინგტონში 9-11 ივლისს გაიმართება.
24 ივნისს ცნობილი გახდა, რომ "აშშ–მა გადაწყვიტა, საქართველო მიიწვიოს NATO-ს პარტნიორობის მომავალ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად". ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო ‘ბრაიენმა განაცხადა.
აღნიშნულ საკითხზე საუბრისას ო’ბრაიენმა ისიც აღნიშნა, რომ პარტნიორებს „ქართული ოცნების” რიგი მაღალჩინოსნების გადაწყვეტილებები აწუხებთ.
"ჩვენ ძალიან გვაწუხებს „ქართული ოცნების“ ლიდერების ძალიან მცირე ნაწილის გადაწყვეტილებები და რიტორიკა”, – განაცხადა მან.
მისი თქმით, ნათელია, რომ საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტს NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია სურს.
"მთავრობა და ახლახანს, ჩვენ მოვისმინეთ პრემიერ–მინისტრის განცხადება, რომ მათი ბოლო პერიოდის ქმედებები არ დააბრკოლებდა ამ კურსს, თუმცა ბოლო პერიოდის ქმედებები ძალადობა ოპოზიციონერ დეპუტატებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე და "აგენტების კანონის" მიღება, შეუთავსებელია ამ მისწრაფებებთან. სწორედ ამიტომ, ჩვენ თხოვნით მივმართეთ მთავრობას, გადაეხედა მისი პოზიციისთვის", – დასძინა მან.
ო’ბრაიენი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობასთან ამ საკითხზე მსჯელობას გააგრძელებენ.
ცნობისთვის: "აგენტების კანონის" მიღების გამო 23 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს. მოგვიანებით, 6 ივნისს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში "აგენტების კანონის" მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს. ის შეეხება „ქართული ოცნების” და პარლამენტის წევრებს, ძალოვანებს და კერძო პირებს. საუბარია 20–დან 30–მდე ადამიანზე. მათი სახელები და გვარები ჯერ არ დაკონკრეტებულა.


