ოპოზიცია – „ოცნების“ მიერ ამნისტიის გამოცხადებაზე: "ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების შედეგების მანიპულირებას"
01/07/2024 09:26:48 პოლიტიკა
ოპოზიციაში ეხმიანებიან "ქართული ოცნების" მიერ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ამნისტიის გამოცხადების დაანონსებას და მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტიის გადაწყვეტილება "ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების შედეგების მანიპულირებას".
"ამ ხელისუფლებას თუ რამე უნდა გაკეთებინა, პირველ რიგში, იყო ის, რომ გაეთავისუფლებინა სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოები, რომ ამდენი უსამართლოდ დაკავებული ადამიანი ან დამნაშავე, მაგრამ არაპროპორციული სასჯელის ქვეშ არ იყოს ციხეებში, ასეთი რეალური გამოსავალი ხელისუფლებას არ შეუთავაზებია, შესაბამისად, ეს არის მორიგი სატყუარა, რომლითაც სურთ, რომ მიიღონ ხმები და საერთოდ არ ადარდებთ ან პატიმრები და არც პატიმრების ოჯახის წევრები,“ - ამბობს "ლელოს" წევრი დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი.
პარტია "საქართველოსთვის" წევრი დეპუტატი ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება არჩევნების შედეგების მანიპულირებაზეა გათვლილი:
"აქამდე რატომ არ გააკეთეს ამნისტია, დიდი ამნისტია სად იყო აქამდე, თუ მანამდე არ იყვნენ ადამიანები მსუბუქი დანაშაულისთვის ან ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულები. ამიტომ ნებისმიერი მსგავსი გადაწყვეტილება, ბუნებრივია, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების შედეგების მანიპულირებას. ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ, რომ ოცნებას არჩევნების შედეგების მანიპულირება და არჩევნების გაყალბება დაწყებული აქვს".
"სტრატეგია აღმაშენებეშიც" დარწმუნებულები არიან, რომ "ხმებზე ნადირობა" მიდის "ოცნების" მხრიდან.
ძალიან კარგი წიგნია - ნადირობა ხმებზე - ზუსტად რასაც ქართული ოცნება აკეთებს, ეს არის ნადირობა ხმებზე. მაგრამ ჩვენ ჰუმანური მიზნებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, განვიხილავთ, რაზეა, ვისზეა, იმიტომ, რომ ჩვენ ყოველთვის ვართ მომხრე იმის, რომ ასეთი გადაწყვეტილება იყოს, არა საარჩევნო პიარისთვის, არა ხმებისთვის,. არამედ კაცთმოყვარეობისთვის და იმისთვის, რომ ვინც იმსახურებს შეწყალებას, ამათ შეეხოს,“ - ამბობს პაატა მანჯგალაძე.
მოგვიანებით, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ "დიდი ხანია, მმართველი გუნდში “ამნისტიის შესახებ“ კანონის მიღებაზე საუბარი მიმდინარეობს და ეს გადაწყვეტილება არჩევნების მოახლოებას არ უკავშირდება".
ვოლსკის თქმით, მისთვის ამ ეტაპზე უცნობია, სისხლის სამართლის კოდექსის რომელ მუხლებზე გავრცელდება ამნისტია.
“2012 წლამდე იყო, როცა ადამიანის პატიმრობით ხმებზე ვაჭრობა ხდებოდა - ჩვენ ეს პერიოდი გავიარეთ. ამნისტია მიღება კარგი ჟესტია. თავიდან ამნისტიის ინიციატივა “გირჩს“ ეკუთვნოდა, თუმცა დიდი ხანია, რაც გუნდში მუშაობა მიდის. ახლა ვერ დავადასტურებ, თუ კონკრეტულად, რა მუხლებზე გავლენ. ნუ დავუკავშირებთ ამას წინასაარჩევნო პერიოდს, ვინაიდან, თუ ადამიანი ამნისტიის გარეთ გამოვა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ან მისი ოჯახის წევრები ხმას “ქართულ ოცნებას“ მისცემენ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.


