კრემლთან დაახლოებული ქართველების ახალი პარტიის წევრი რუსული დელეგაციის შემადგენლობაში დონბასში იმყოფებოდა
01/07/2024 11:19:43 პოლიტიკა
კრემლთან დაახლოებული ქართველების ახალი პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" წევრი გიორგი ირემაძე რუსული დელეგაციის შემადგენლობაში დონბასში იმყოფებოდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში თავად დაწერა და იქვე მიაყოლა ანტიდასავლური სიცრუე, მათ შორის - საქართვეოს თაობაზე, რომელიც ლუბიანკის სადეზინფორმაციო ნარატივებს სიტყვა-სიტყვით იმეორებს.
"საკუთარი თვალით დანახული დონბასის ტრაგედია! მეგობრებო, რამდენიმე დღეა დავბრუნდი დონბასიდან, სადაც მოგეხსენებათ 10 წელზე მეტია კიევის ხუნტას, ნეოფაშისტებს დასავლეთის დირექტივით მოსახლეობა ტეროტის ქვეშ ყავთ! რუსეთი ათავისუფლებს დონბასის და სხვა რეგიონების ხალხს ნაცისტებისგან! დასავლეთი საქართველოსაც იგივე სცენარს უმზადებს ადგილობროვი ლიბერალ-მილიტარისტების ხელით! მინდოდა ეს აქ ყველას ცოდნოდა და ჩემი ვიზიტის მიზანიც ეს იყო! ამ საკითხებთან დაკავშირებით დეტალურად ვისაუბრე გუშინ "სოლიდარობის პლადფორმის" სტუდიაში! ასევე, იხილეთ ფოტომასალა დონბასიდან! კიევის ხუნტის მიერ დაბომბილი საცხოვრებელი სახლები! დრეს კი დონბასის ქალაქებში მასობრივად მიმდინარეობს მშენებლობა და დანგრეულის რესტავრაცია, მოსახლეობა ბრუნდება საკუთარ სახლებში!", – წერს გიორგი ირემაძე სოციალურ ქსელში და ფოტოებს აქვეყნებს.
თავის მხრივ, რუსული პროპაგანდისტული მედია ირემაძეს ბანს აძლევს, წერს, რომ "ქართველი და ამერიკელი აქტივისტები, რომლებიც რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას უჭერენ მხარს, დონბასში ჩავიდნენ" და ამ ვიზიტის კიდევ ერთი მონაწილის, ამერიკული წარმოშობის ცნობილი პრორუსი პროპაგანდისტის, აშშ-ის კომუნისტური პარტიის წევრი ჯონათან ბლეიზერის სიტყვებს აშველებს - "დონბასში ჩავედით ადგილობრივთა წინააღმდეგ კიევის იმ დანაშაულების დასაფიქსირებლად, რომელიც დასავლური იარაღითაა ჩადენილიო".


