ბლინკენმა "აგენტების კანონის" გამო დამატებითი ზომების მიღება არ გამორიცხა: "ამ მიმართულებით სავარაუდოდ, თქვენ უფრო მეტს ნახავთ"
01/07/2024 16:38:09 პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა "აგენტების კანონის" გამო დამატებითი ზომების მიღება არ გამორიცხა. ამის შესახებ მან ბრუკინგის ინსტიტუტში აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.
"ჩვენ და ბევრმა სხვა ქვეყანამ არა მხოლოდ გამოვთქვით ჩვენი ღრმა შეშფოთება "უცხოური აგენტების შესახებ" კანონის მიღების გამო, არამედ გადავდგით ნაბიჯები ამ შეშფოთების გამოსახატავად და ვფიქრობ, ამ მიმართულებით სავარაუდოდ, თქვენ უფრო მეტს ნახავთ. ვფიქრობ, ეს ["აგნეტების კანონი"] აშკარად ეწინააღმდეგება იმ ევროპულ მიმართულებას, რომელიც საქართველოს სურს და რომელიც ქართველი ხალხის უმრავლესობას აშკარად სურს“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
ცნობისთვის: "აგენტების კანონის" მიღების გამო 23 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს. მოგვიანებით, 6 ივნისს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში "აგენტების კანონის" მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს. ის შეეხება „ქართული ოცნების” და პარლამენტის წევრებს, ძალოვანებს და კერძო პირებს. საუბარია 20–დან 30–მდე ადამიანზე. მათი სახელები და გვარები ჯერ არ დაკონკრეტებულა.


