მდინარაძე – კობახიძის მისამართით შეძახილებზე: "აორგანიზებენ, რომ ვიღაცამ პრემიერის გამოსვლისას რაღაც „უუუ“ დაიძახოს, ეს მავნებლობა საყოველთაო ზეიმის ფონზე არ შეიძლება"
03/07/2024 10:31:00 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მისამართით შეძახილებს "დაორგანიზებულ მავნებლობას" უწოდებს
„პატარ-პატარა ნეგატიური ამბები, როცა ძალიან ხშირად ჩაეტენება ხოლმე უპოზიტივეს ამბებში, ცუდის მეტი ამას არაფერი მოაქვს. როცა აორგანიზებენ, რომ ვიღაცამ პრემიერის გამოსვლისას რაღაც „უუუ“ დაიძახოს და 100 კაცი აჰყვეს, როდესაც აორგანიზებენ იმას, რომ აბსოლუტური ფეიკი დადგან, ეს არის ელემენტარული მავნებლობა. თან საყოველთაო ზეიმის ფონზე არ შეიძლება, ხალხო. სხვათა შორის, [ფეხბურთი] ერთადერთი საკითხი აღმოჩნდა, რომელზეც ქვეყანა და ერი გაერთიანდა. აქ როგორ უნდა ეძებო ფეიკის გაკეთების, რაღაცის დადგმის შანსი? არის რაღაც საკითხები, რაზეც ერი უნდა გაერთიანდეს და ვიღაც თუ ვერ ახერხებს, ეს მისი პრობლემაა. დღეს ქართველი ერი ზეიმობს ჩვენი ბიჭების წარმატებას“, – განაცხადა მდინარაძემ.
გუშინ ღონისძიებაზე სახელწოდებით „საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს“ შეკრებილი ზოგიერთი გულშემატკივრის მხრიდან პრემიერის მისამართით უკმაყოფილო შეძახილები გაისმა.


