რა თქვეს მირზოიანმა და დარჩიაშვილმა თბილისში გამართული შეხვედრის შემდეგ
03/07/2024 11:34:20 პოლიტიკა
საქართევლოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სომეხ კოლეგა არარატ მირზოიანს თბილისში უმასპინძლა. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა განცხადებები გააკეთეს.
რა თქვა მირზოიანმა
- პოლიტიკურ–ეკონომიკური ურთიერთობები
მირზოაინის განცხადებით, "სომხეთის და საქართველოს შორის თანამშრომლობა სწრაფად ვითარდება ყველა მიმართულებით":
„როგორც ყოველთვის, ამჯერადაც დიდი სიამოვნებით ვიმყოფები თბილისში. რა თქმა უნდა, ეს წელი ინტენსიური ურთიერთობებით გამოირჩევა და ჩვენ მაღალი დონის აქტიური კონტაქტები შევინარჩუნეთ პოლიტიკური დიალოგის თვალსაზრისით. წლის დასაწყისში თბილისში გაიმართა სომხეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი კომისიის მეცამეტე სხდომა, ხოლო მარტში სომხეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩამოვიდა. ასევე, აქტიური იყო საპარლამენტთაშორისო კავშირები, რასაც თავისი წვლილი აქვს საერთო სურათსა და განვითარებაში. სომხეთ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის თვალსაზრისით, ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სხვა ელემენტებით არის შევსებული, რაც ძალიან კარგია და დინამიკა ჩნდება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში. სომხეთის და საქართველოს შორის თანამშრომლობა მართლაც სწრაფად ვითარდება ყველა მიმართულებით, იქნება ეს ეკონომიკა თუ უსაფრთხოება, განათლებით და კულტურით დაწყებული და ტურიზმით და ხალხთა შორის კონტაქტებით დამთავრებული. ურთიერთვაჭრობაში მნიშვნელოვანი პროგრესია და საბაჟო სექტორში ჩვენი თანამშრომლობის გაფართოებით შეგვიძლია, მივაღწიოთ ახალ, მნიშვნელოვან შედეგებს, ხელი შევუწყოთ ბიზნესსა და ადამიანებს შორის კონტაქტების გაღრმავებას“.
- ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი
სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, სომხეთმა და საქართველომ უმაღლეს დონეზე დააფიქსირეს, რომ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს აღიარებენ და პატივს სცემენ:
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ჩამოყალიბდა მკაფიო ურთიერთგაგება, რათა სომხეთსა და საქართველოს შორის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი მეგობრულად გაგრძელდეს და დასრულდეს. მინდა, ასევე აღვნიშნო, რომ მიმდინარე გეოპოლიტიკურ და რეგიონულ მოვლენებში, რომლებიც ძალიან სწრაფად ვითარდება, ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთმოქმედება ასევე საერთაშორისო პლატფორმებზე".
- ევროკავშირთან ურთიერთობები
როგორ მირზოიანმა აღნიშნა, ევროკავშირთან ახალი დღის წესრიგის ფორმირება ხდება:
"დღეს ჩვენ ასევე გვქონდა შესაძლებლობაა, სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება და ყველა მოვლენა განგვეხილა, ისევე როგორც მიმოგვეხილა სომხეთის და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები. სომხეთმა ენთუზიაზმით მიიღო საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ამბავი, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების კონტექსტში, არამედ რეგიონული მოვლენების კონტექსტშიც. მინდა, გითხრათ, რომ სომხეთის რესპუბლიკას ასევე აქვს ურთიერთობა ევროკავშირთან, ახალი დღის წესრიგის ფორმირება, ჩვენი ხედვებისა და პერსპექტივების. ამ ურთიერთობის კონტექსტში გვაქვს ისეთი მიმართულებები, რომლებიც მანამდე არ იყო აღმოჩენილი“.
- თურქეთთან ურთიერთობები
რეგიონზე საუბრისას მირზოიანმა აღნიშნა, რომ "სომხეთი მზად არის, თურქეთთან სრულად დაარეგულიროს ურთიერთობები და ასევე დიპლომატიური ურთიერთობები დაამყაროს":
„ამ ხედვასთან დაკავშირებით ჩვენ ასევე გვაქვს შეთანხმებები და წინ მივდივართ. ჯანსაღი დიალოგი გვაქვს თურქეთთან და ვიცით, რომ დიდი ხანია, დრო არის ამის განხორციელების".
- აზერბაიჯანთან ურთიერთობები
რაც შეეხება აზერბაიჯანთან ურთიერთობებს მირზოიანის თქმით, სომხეთი აფასებს საქართველოს პოზიციას დელიმიტაციის პროცესთან დაკავშირებით სომხეთ-აზერბაიჯანს შორის.
"არის სამშვიდობო ხელშეკრულება, რის მიმართაც პოზიტიურად არის განწყობილი სომხეთი და ეს არის ძალიან გამჭვირვალე პროცესი. მე ასევე განცხადება გავაკეთე, რომ, ერთი თვის განმავლობაში ინტენსიური მუშაობის შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია, დავასრულოთ ეს პროცესი და აზერბაიჯანთან უკვე ხელი მოვაწეროთ ამ მნიშვნელოვან შეთანხმებას. ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის ისტორიული მოვლენა იმისთვის, რომ განგრძობითი მშვიდობა შენარჩუნდეს და დამკვიდრდეს ჩვენს რეგიონში. მინდა, ასევე რეგიონში სტაბილურობის განვითარებისა და უზრუნველყოფის კუთხით განვიხილო ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების სრული განბლოკვის მნიშვნელობა. ჩვენ კონსტრუქციულად ვართ განწყობილი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო კომუნიკაციების სრული განბლოკვის მიმართ. ეს ეკონომიკურად ხელს შეუწყობს არა მხოლოდ სომხეთს, არამედ რეგიონის დიდი ქვეყნებსაც და ვფიქრობთ, განბლოკვა უფრო მეტ მშვიდობას მოუტანს რეგიონს. სწორედ ამ მიზნით წარვადგინეთ პროექტი „მშვიდობის გზაჯვარედინი“, რომელიც პრემიერ-მინისტრმა პირველად სწორედ თბილისში წარადგინა“, – განაცხადა მირზოიანმა.
ამასთან, არარატ მირზოიანმა ქართველი კოლეგა სომხეთში მიიწვია.
„მინდა, ბატონო მინისტრო, ჩემო მეგობარო, ურთიერთთანამშრომლობისთვის დიდი მადლობა გადაგიხადოთ და თქვენთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს ერევანში ვიზიტით მოგიწვიოთ“, – განაცხადა არარატ მირზოიანმა.
რა თქვა დარჩიაშვილმა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სომეხ კოლეგასთან ბრიფინგი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ფეხბურთის ნაკრებზე საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ "ეროვნულ ნაკრებს ამაღელვებლად ქომაგობდნენ სომეხი ძმები".
„დიდი პატივია, ჩემს ძვირფას კოლეგას და მეგობარს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ვუმასპინძლო. თქვენი ვიზიტი დაემთხვა საქართველოსთვის ძალიან საამაყო დღეებს, ჩვენმა ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიულ შედეგებს მიაღწია, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ამაღელვებლად ქომაგობდნენ ჩვენი სომეხი ძმები, რაც ძალიან გვახარებს. ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას. ცოტა ხნის წინ საქართველოსა და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციებმა 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე ერთობლივი განაცხადი წარადგინეს. იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი ქვეყნები ამ ტურნირს წარმატებით ჩავატარებთ და ჩვენს გუნდებსაც შესაბამისი შედეგები ექნებათ“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.
- პოლიტიკურ–ეკონომიკური ურთიერთობები
როგორც დარჩიაშვილმა აღნიშნა, სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის ხელმოწერით სომხეთ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობა თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა.
„აღსანიშნავია, რომ სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის ხელმოწერით ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა, ახალი ეტაპი გარდამტეხად აისახა ჩვენს მრავალმხრივ თანამშრომლობაზე. დღევანდელ შეხვედრაზე ჩემს კოლეგას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადე გაერო-ს რეზოლუციის ისტორიული მხარდაჭერისთვის, რომელიც ადასტურებს ყველა იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის დაბრუნების უფლებას აფხაზეთსა და ცხინვალში, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ. [...] ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ინტენსიურ მრავალგანზომილებიან თანამშრომლობაზე. სომხეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულშია, ხოლო ტურიზმის მიმართულებით – პირველ სამეულში. განვიხილეთ სხვადასხვა მიმართულება ამ საკითხებზე და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შორის ეკონომიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება, რომელსაც სარგებელი მოაქვს ორივე ქვეყნისთვის“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
- ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი
„საქართველო და სომხეთი მტკიცედ უჭერენ მხარს და პატივს სცემენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს", – განაცხადა დარჩიაშვილმა.
- რეგიონული ურთიერთობები
"ვისაუბრეთ რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, არსებულ გამოწვევებზე და შესაძლებლობებზე, ხაზი გავუსვით ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას ამ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობას და მშვიდობიან თანაცხოვრებას“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
ამასთან,მან იმედი გამოთქვა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროცესი დადებით დინამიკას შეინარჩუნებს.
„მზად ვართ, ჩვენი მეზობლების საჭიროებისა და ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში გავაგრძელოთ წვლილის შეტანა კონსტრუქციული დიალოგის ხელშეწყობისა და რეგიონში სტაბილურობის, მშვიდობის უზრუნველსაყოფად. მივესალმებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შორის მშვიდობიანი გზით მიღწეულ ისტორიულ გადაწყვეტილებას სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დაწყების შესახებ, იმედს გამოვთქვამ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროცესი დადებით დინამიკას შეინარჩუნებს. ასევე, გვქონდა შესაძლებლობა, მიმდინარე მოვლენებზე მესაუბრა მინისტრთან, ვისაუბრეთ სხვადასხვა გამოწვევაზე, რომელიც ქვეყანას აქვს, მიმდინარე ოკუპაციაზე და იმ სირთულეებზე, რომელიც ამ პროცესიდან მომდინარეობს და ასევე, ვისაუბრეთ მომავალ პერსპექტივებზე, ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, რომელიც ასევე საინტერესო აღმოჩნდა ჩემი კოლეგისთვის. ნება მომეცით, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ სანდო პარტნიორობისთვის და ბრწყინვალე თანამშრომლობისთვის. ჩვენს ერებს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა გვაძლევს მყარ საფუძველს, კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.


