ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი: "არანაირ სანქცირებაზე არაა საუბარი, საათი და ორმოცი წუთის წინ ჩამოვედი ამერიკიდან"
03/07/2024 17:27:49 პოლიტიკა
"არანაირ სანქცირებაზე არაა საუბარი, საათი და ორმოცი წუთის წინ ჩამოვედი ამერიკიდან", – ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ აშშ-ის საელჩოში ჟურნალისტებთან განაცხადა.
მან ამერიკის საქართველოში შეერთებული შტატების ელჩს რობინ დანიგანს ღონისძიებაზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა.
"პირველ რიგში მინდა მივულოცო ამერიკის ხალხს და მთავრობას დამოუკიდებლობის დღე. მინდა ქალბატონ ელჩს მადლობა გადავუხადო მოწვევისთვის. ჩემი ინფორმაციით, არანაირ სანქცირებაზე არაა საუბარი. ჩვენ ყოველდღიური კავშირი გავქს ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებთან, როგორც FBI-თან, DEA-თან, INL-თან და ძალიან ბევრი წარმატებული ოპერაცია გვაქვს ჩატარებული. საათი და ორმოცი წუთის წინ ჩამოვფრინდი ამერიკის შეერთებული შტატებიდან და მოვედი, რომ მივულოცო ამერიკელ ხალხს“, - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.
ცნობისთვის: "აგენტების კანონის" მიღების გამო 23 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს. მოგვიანებით, 6 ივნისს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში "აგენტების კანონის" მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს. ის შეეხება „ქართული ოცნების” და პარლამენტის წევრებს, ძალოვანებს და კერძო პირებს. საუბარია 20–დან 30–მდე ადამიანზე. მათი სახელები და გვარები ჯერ არ დაკონკრეტებულა.


